არალეგალების წინააღმდეგ ბრძოლა: საქართველოში უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairმიგრაციის დეპარტამენტი
მიგრაციის დეპარტამენტი - Sputnik საქართველო, 1920, 09.10.2026
გამოწერა
საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე ჯამში 20 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა.
თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტმა ქვეყნის მასშტაბით უცხო ქვეყნის 64 მოქალაქე დააკავა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შსს-ს თანამშრომლებმა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენის მიზნით კონკრეტული ლოკაციები და სხვადასხვა დანიშნულების ობიექტები გადაამოწმეს - დაკავებულთა შორის არიან იორდანიის, პაკისტანის, თურქეთის, რუსეთის, ინდოეთის, ბანგლადეშის, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, ჩინეთის, ტაილანდის და უზბეკეთის მოქალაქეები.
დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.
ამჟამად დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.
შსს-ს ცნობით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან დღემდე მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიების შედეგად ჯამში 20 ათასზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქე გადამოწმდა.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
ყველა ახალი ამბავი
0