„მთავარი ცოდვა ბრიუსელის წინაშე“: პაპუაშვილმა ევროკომისარ კოსს უპასუხა

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
პარლამენტის სპიკერის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებასა და ხალხის ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებს
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. სჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე სახელმწიფო - მხოლოდ ქაღალდზე, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადების პასუხად.
კოსმა ადრე განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო მხოლოდ ქაღალდზეა კანდიდატი ქვეყანა და ისურვებდა, რომ საქართველო, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, დღეს მოლდოვისა და უკრაინის დონეზე იყოს. ევროკომისარმა დასძინა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების დიდი ნაწილი აისახება ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს იქნება წარდგენილი.
„მგონი, სჯობს, მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ კანდიდატი ქვეყანა, ვიდრე მხოლოდ ქაღალდზე ვიყოთ სახელმწიფო. ჩვენ რომ მოგვესმინა ბრიუსელისთვის, საქართველო დღეს ქაღალდზე იქნებოდა მხოლოდ სახელმწიფო ბევრი მიზეზის გამო“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ბრიუსელის რჩევებისთვის რომ დაეჯერებინა და რუსეთთან ესკალაციაზე წასულიყო, ქვეყანა, შესაძლოა, ახალ სამხედრო კონფლიქტში აღმოჩენილიყო.
„ჩვენ რომ დაგვეჯერებინა ბრიუსელისთვის და წავსულიყავით ესკალაციაზე რუსეთთან, საქართველო იქნებოდა ეკონომიკურად ისევე დაზიანებული, როგორც მოლდოვა არის, საქართველო, დიდი ალბათობით, ახალ სამხედრო კონფლიქტში შევიდოდა რუსეთთან და ისეთივე ომისგან დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით, როგორც უკრაინაა,“-განაცხადა სპიკერმა.
პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურს არ უგდებს იმას, რასაც თავად ბრიუსელმა უწოდა „მავნე რჩევები“, რადგანაც პრიორიტეტად ქართველი ხალხის ინტერესებს მიიჩნევს.
„მთავარი ცოდვა, რაც ჩვენ მიგვიძღვის ბრიუსელის წინაშე, არის ის, რომ მათ მავნე რჩევებს არ ვითვალისწინებთ და ქართველი ხალხის რჩება მოგებული,“-აღნიშნა მან.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0