მიქანაძე: EQAR-ში დაბრუნება ადასტურებს, რომ განათლების რეფორმები ევროპულ სტანდარტებშია

© Courtesy of Givi Mikanadzeგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.10.2026
გამოწერა
მინისტრის განმარტებით, დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ხელახლა შეისწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა.
თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. მივიღეთ ოფიციალური წერილი, რომ საქართველოს აღუდგა EQAR-ის რეგისტრაცია - ეს არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომელზეც უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა, განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR) რეგისტრაცია აღუდგა. გავრცელებული ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება EQAR-ის რეგისტრაციის კომიტეტმა 2026 წლის 22 სექტემბერს მიიღო.
„საქართველოს აღიარება ისეთი მაღალრეიტინგული და პრესტიჟული საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ჩვენი ქვეყნის განათლების სისტემაში რეფორმები სწორი მიმართულებით ხორციელდება“, - განაცხადა მიქანაძემ.
მისი განმარტებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის (ENQA) მიერ გამოგზავნილმა დამოუკიდებელი ექსპერტებისგან შემდგარმა კომისიამ ხელახლა შეისწავლა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საქმიანობა და შეიმუშავა დამოუკიდებელი დასკვნა, რომლის თანახმად, ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან.
„აღნიშნული დასკვნა, რომელიც ENQA-ს მიერ მიმდინარე წლის ივნისში გასაჯაროვდა, მიუთითებს, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის სრულ თანხვედრაში ევროპულ სტანდარტებთან. სწორედ ამის საფუძველზე უკვე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა ოფიციალურად მიმართა EQAR-ს, რომ რეესტრში წევრობა და სტატუსი აღდგენილიყო, დღეს კი ჩვენ უკვე მივიღეთ ეს სასიხარულო ინფორმაცია“, - განაცხადა მიქანაძემ.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს EQAR-ში რეგისტრაცია შეუჩერდა, ორგანიზაციის ვებგვერდზე 2024 წლის დეკემბერში გავრცელდა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფის ანგარიშის გამოქვეყნება, რომელიც საქართველოს 2023 წლის ოქტომბერში ინსპექტირების მიზნით ეწვია. ამ ფონზე ქვეყანაში მაშინვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა შექმნას პრობლემები ქართული განათლებისა და დიპლომების საერთაშორისო აღიარების კუთხით.
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის ერთადერთი უფლებამოსილი ორგანიზაცია საქართველოში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. იგი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის ქვეშაა.
საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, ცენტრი ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე აკონტროლებს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას.
რაც შეეხება ENQA-ს, იგი არის არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების მონიტორინგს. ასოციაცია 2000 წელს ჰელსინკიში ბოლონიის შეთანხმების მონაწილე ქვეყნების მიერ დაარსდა სახელწოდებით „უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი“ (European Network for Quality Assurance in Higher Education).
ყველა ახალი ამბავი
0