თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს

© Сourtesy of Georgian Governmentლევან ჟორჟოლიანი
ლევან ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.10.2026
გამოწერა
თბილისი, 6 ოქტომბერი — Sputnik. თბილისი კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) რეგიონულ დიალოგს მასპინძლობს, რომელიც კლიმატის სფეროში აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს, საერთაშორისო პარტნიორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.
ღონისძიება, რომელსაც დედაქალაქი 6-8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში უმასპინძლებს, თბილისში იმართება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გახსნა.
„კლიმატის ცვლილება სულ უფრო მწვავე გამოწვევაა ჩვენი რეგიონისთვის და უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ჩვენს ქვეყნებსა და მოსახლეობაზე. საქართველოსთვის პრიორიტეტულია კლიმატის ცვლილებისადმი მედეგობის გაძლიერება და მდგრადი ეკონომიკის განვითარება", - განაცხადა სონღულაშვილმა.
მისი თქმით, კლიმატის მწვანე ფონდთან პარტნიორობით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს კლიმატური რისკების შემცირების, ადრეული გაფრთხილების სისტემების გაძლიერებისა და ტყეების მდგრადი მართვის მიმართულებით.
„ჩვენი მიზანია, რეგიონული თანამშრომლობა – კონკრეტულ პროექტებად, პროექტები კი ინვესტიციებად და ხელშესახებ შედეგებად გარდავქმნათ", - განაცხადა მინისტრმა.
რეგიონული დიალოგის პირველი დღის ფარგლებში მინისტერიალის მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე – „ამბიციიდან განხორციელებამდე: ქვეყნის პრიორიტეტებზე დაფუძნებული კლიმატური ინვესტიციებისა და რეგიონული თანამშრომლობის გაფართოება“.
შეხვედრაზე მონაწილეებმა კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საერთო გამოწვევებზე, რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებასა და კლიმატური ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობებზე იმსჯელეს. ასევე გაიმართა თემატური და პლენარული სესიები, რომლებზეც ნახშირბადის ბაზრები, კლიმატური პლატფორმები, კერძო სექტორის ჩართულობა, ადრეული გაფრთხილების სისტემები და GCF-ის სტრატეგიული მიმართულებები განიხილეს.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, კლიმატის ცვლილება სულ უფრო მეტად ზემოქმედებს ეკოსისტემებსა და ინფრასტრუქტურაზე და ახალ გამოწვევებს უქმნის როგორც საზოგადოებებს, ისე ეკონომიკებს.
მისი თქმით, მთიანი რელიეფისა და კლიმატური ზონების მრავალფეროვნების გათვალისწინებით, წყალდიდობები, მეწყერები, ღვარცოფები და სხვა ბუნებრივი საფრთხეები მნიშვნელოვან რისკს უქმნის საქართველოს. შესაბამისად, კატასტროფების რისკის მართვისა და ადრეული გაფრთხილების ეროვნული სისტემის გაძლიერება მთავრობის პრიორიტეტად რჩება.
როგორც ჟორჟოლიანმა აღნიშნა, საქართველოს მწვანე კლიმატის ფონდთან მრავალწლიანი პარტნიორობის შედეგად შეიქმნა მონიტორინგის 150 ახალი სადგური, მეწყერსაშიშ 11 ლოკაციაზე დამონტაჟდა გეოლოგიური მონიტორინგის აღჭურვილობა, ხოლო საქართველოს 11 მდინარის აუზისთვის შეიქმნა რისკების შესახებ საინფორმაციო სისტემა.
GCF-ის აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონის დეპარტამენტის დირექტორმა თომას ერიქსონმა მადლიერება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიმართ რეგიონული დიალოგის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისთვის.
„მადლიერი ვარ საქართველოს მთავრობის, რომელიც ამ რეგიონული დიალოგის თანაორგანიზატორია. დიალოგი რეგიონის ქვეყნებს გამოცდილების გაზიარების, პარტნიორობების გაძლიერებისა და კლიმატური გამოწვევების გადაჭრის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობას აძლევს“, – აღნიშნა ერიქსონმა.
რეგიონული დიალოგის მომდევნო დღეები კლიმატური პროექტების მომზადებისა და დაფინანსების საკითხებს დაეთმობა. მონაწილეები GCF-ის დაფინანსების მექანიზმებსა და მხარდაჭერის შესაძლებლობებს, მათ შორის Readiness-ის პროგრამასა და პროექტების მომზადების მექანიზმს (PPF), გაეცნობიან. დაგეგმილია ასევე ინდივიდუალური შეხვედრები კონკრეტული პროექტებისა და დაფინანსების შესაძლებლობების განხილვის მიზნით.
კლიმატის მწვანე ფონდი (GCF) 2010 წელს დაარსდა გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის (UNFCCC) ფარგლებში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს საერთაშორისო საფინანსო მექანიზმს, რომელიც ქვეყნებში კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის პროექტების მხარდაჭერას ემსახურება.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივლისში კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) ეთიკისა და აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარედ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი აირჩიეს. თანდილაშვილი აუდიტსა და ეთიკურ ნორმებს უწევს ზედამხედველობას. ის აღნიშნულ თანამდებობასა და ასევე GCF-ის მმართველი საბჭოს წევრის პოზიციას 2027 წლის ბოლომდე დაიკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0