ხელისუფლების ზედა დონეზე კორუფცია სრულად აღმოვფხარით - პრემიერ-მინისტრი

© Courtesy of Irakli Kobakhidzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. საქართველომ შეძლო ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა და ახლა, ქვედა დონეებზე კორუფციასთან საბრძოლველად, მთავრობას საზოგადოების ჩართულობა სჭირდება, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „იმედის“ პირდაპირ ეთერში, მაყურებელთა კითხვებზე პასუხის გაცემისას.
2025 წლის შემოდგომაზე საქართველოში კორუფციული სკანდალი ატყდა, რომლის მთავარი ეჭვმიტანილი ყოფილი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე გახდა. კორუფციისა და გაყალბების ბრალდებით ასევე დააკავეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ ლილუაშვილი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. უმრავლესობამ ბრალი აღიარა, ისინი სასჯელს ციხეში იხდიან.
„ჩვენ პრინციპულად მოვახერხეთ ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა. იყო სერიოზული პრობლემები, რაც უკავშირდებოდა დაახლოებით 3-წლიან პერიოდს ჩვენი მმართველობის, დაგროვდა ეს პრობლემები და როგორც კი მოხერხდა ამ პრობლემების სათანადოდ იდენტიფიცირება, საბოლოო ჯამში, გადავალაგეთ სისტემა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდა სისტემის გადაწყობას იმისათვის, რომ ზედა დონეზე აღმოგვეფხვრა კორუფცია, თუმცა საბოლოო ჯამში პრინციპულად გარდავტეხეთ სიტუაცია“, - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან მან აღნიშნა, რომ კორუფცია ქვედა დონეზე პრობლემად რჩება.
„უფრო ადვილია ზედა დონეზე კორუფციის აღმოფხვრა, შესაბამისი პოლიტიკური ნების არსებობის პირობებში. რაც შეეხება ქვედა დონეზე კორუფციას, აქ მუდმივად არის ბრძოლა საჭირო. ისეთ ქვეყნებშიც კი, სადაც მენტალურად ნაკლებად არიან ადამიანები მიდრეკილნი კორუფციისკენ, იგულისხმება ჩრდილოეთის ქვეყნები, მაგალითად - სკანდინავიის ქვეყნები, იქაც კი არის კორუფცია. ნაკლები, ვიდრე სხვა ქვეყნებში, მაგრამ არის კორუფცია. შესაბამისად, კორუფციას სჭირდება მუდმივი ბრძოლა ქვედა დონეზე, პირველ რიგში“, - განაცხადა კობახიძემ.
სამსახურებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა საგამოძიებო ორგანოებისთვის პრიორიტეტული გახდა 2025 წლის ბოლოს მაღალი თანამდებობის პირების დაპატიმრებების სერიის შემდეგ.
2025 წელს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებისთვის ასზე მეტი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
კორუფცია მოიცავს არა მხოლოდ მექრთამეობას, არამედ სხვადასხვა სახის თაღლითობას, ასევე სხვა დანაშაულებს, რომლებიც თანამდებობის პირის მიერ უკანონო მოგების მიღებას უკავშირდება.
ყველა ახალი ამბავი
0