პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 80 პირი დააკავა

სპეცოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2026
გამოწერა
2026 წლის 1-ელი იანვრიდან დღემდე დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 350-ზე მეტი პირი.
თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში თბილისსა და რეგიონებში ჩატარებული მასშტაბური საპოლიციო ღონისძიებების შედეგად „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
უწყების ცნობით, კიდევ 14 პირს ბრალი წარედგინება - ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორის ერთი, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძეა.
გამოძიების მიხედვით, საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდის, გიორგი გოგოლაძის სახელითა და მფარველობით მისი გარემოცვის წევრები სისტემატურად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს და გადაწყვეტილებებს ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
„კერძოდ, ბრალდებულები სხვადასხვა დროსა და ადგილას განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავებს და ე.წ. ქურდული გარჩევის შედეგად ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე თავიანთ სასარგებლოდ გარკვეული რაოდენობის თანხის გადახდას აკისრებდნენ“, - ნათქვამია განცხადებაში.
დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში კი მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლებისა და ავტომობილების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ბრალდებულები ერთმანეთსა და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. ასევე ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ფული და ნარკოტიკული საშუალებები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0