სამთავრობო ქალაქი თბილისში: ბოლო სიახლეები
გამოწერა
ტენდერის ფარგლებში შეისწავლიან არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა იქნება წარმოდგენილი.
თბილისი, 1 ოქტომბერი - Sputnik. საავტომობილო გზების დეპარტამენტმა თბილისში, არსენალის მთის ტერიტორიასთან, სადაც ახალი სამთავრობო ქალაქი განთავსდება, მისასვლელი საავტომობილო გზების ალტერნატიული მიმართულებების ანალიზისა და დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის ტენდერი გამოაცხადა.
ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომელიც სამთავრობო შენობების - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და რამდენიმე სამინისტროს - თბილისის წყალსაცავის მახლობლად, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ გადატანას გულისხმობს, დეკემბერში გახდა ცნობილი. ამჟამად სამთავრობო ქალაქის გენგეგმის დამუშავება მიმდინარეობს.
ტენდერის ფარგლებში კონსულტანტმა უნდა შეისწავლოს არსენალის მთასთან დამაკავშირებელი გზების შესაძლო მიმართულებები და თითოეული მიმართულებისთვის რამდენიმე ალტერნატივა წარმოადგინოს.
ალტერნატიული მარშრუტების შესაფასებლად გათვალისწინებული იქნება საინჟინრო-ტექნიკური, სატრანსპორტო, ეკონომიკური, გარემოსდაცვითი და სოციალური ფაქტორები. ასევე ჩატარდება სატრანსპორტო ნაკადების კვლევა, შეფასდება არსებული და ახალი გზით მოძრაობის დრო, საგზაო უსაფრთხოება და პროექტის ეკონომიკური მიზანშეწონილობა.
სამუშაოები ორ ეტაპად განხორციელდება. პირველ ეტაპზე მომზადდება ალტერნატიული მიმართულებების ანალიზი და განხორციელდება ოპტიმალური გადაწყვეტის შერჩევა.
პირველი ეტაპის შედეგებისა და რეკომენდაციების საფუძველზე შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას მეორე ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომელიც შერჩეული მიმართულებისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებას ითვალისწინებს.
დეტალური პროექტი მოიცავს გზის მშენებლობისათვის საჭირო საინჟინრო კვლევებს, საპროექტო ნახაზებს, ხარჯთაღრიცხვას, საგზაო მოძრაობისა და უსაფრთხოების გადაწყვეტილებებს, გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებს და მშენებლობისათვის საჭირო სხვა დოკუმენტაციას.
რა იქნება სამთავრობო ქალაქში
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282.750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს.
მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10 ათასი კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი შენობების განთავსება:
პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31.350 კვადრატული მეტრი;
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7.000 კვადრატული მეტრი;
ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10.000 კვადრატული მეტრი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 კვადრატული მეტრი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 კვადრატული მეტრი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 კვადრატული მეტრი;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 კვადრატული მეტრი;
კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 კვადრატული მეტრი;
თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 კვადრატული მეტრი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7.000 კვადრატული მეტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1800 კვადრატული მეტრი.
