ჩინეთში ვიზიტით მყოფი კახა კალაძე ნანკინის მერს შეხვდა

© political party "Georgian Dream"კახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 30.09.2026
გამოწერა
ნანკინის მერმა კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა.
თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფი თბილისის მერი კახა კალაძე ქალაქ ნანკინის მერს ლი ჭონგ ძუნის შეხვდა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთს 28 სექტემბერს დელეგაციასთან ერთად ეწვია. ვიზიტის ფარგლებში თბილისის მერი ეწვია მსოფლიოში მეტროს ვაგონების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია CRRC-ს, სადაც თბილისისთვის განკუთვნილი ახალი მატარებლის წარდგენის ოფიციალურ ცერემონიას დაესწრო.
„ვაფასებთ იმ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც ჩვენს ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებობს. დღეს უკვე სტრატეგიული პარტნიორობა გვაკავშირებს. მოხარული ვარ, რომ დელეგაციის წევრებთან ერთად ვიმყოფები ნანკინში, რომელიც უძველესი ქალაქია და ამავე დროს, სწრაფად უწყობს ფეხს თანამედროვეობას. სწორედ ნანკინში მდებარეობს უმსხვილესი ჩინური კომპანია CRRC-ი, რომელმაც დაამზადა მეტროს ვაგონები თბილისის მეტროპოლიტენისთვის“, - განაცხადა კალაძემ.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, სიმბოლურია, რომ მეტროპოლიტენის გახსნიდან მე-60 საიუბილეო წელს თბილისი მნიშვნელოვანი სიახლით ხვდება - 111 ახალი ვაგონის შეძენა თბილისისთვის მართლაც ისტორიული ფაქტია, რადგან ასეთი მასშტაბური განახლება თბილისის მეტროპოლიტენის ისტორიას არ ახსოვს.
ნანკინის მერმა კახა კალაძეს ჩინეთში ვიზიტისთვის და პირისპირ შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ თანამშრომლობა გაგრძელდება.
„სწორედ ნანკინში მდებარეობს ჩინეთის სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობის კორპორაცია, სადაც დამზადდა თბილისისთვის მეტროს მატარებლის ვაგონები. იმედი მაქვს, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სხვადასხვა მიმართულებით“,- აღნიშნა ლი ჭონგ ძუნიმ.
შეხვედრას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩინეთში პაატა კალანდაძე და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის უფროსი გიორგი შარკოვი დაესწრნენ.
2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანია GT Group-თან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის მეტროპოლიტენისთვის 111 ვაგონის (ჩინური გიგანტის — CRRC-ის მიერ წარმოებული) მოწოდების თაობაზე. CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის მიერ წარმოებული ვაგონები, მათ შორის, ჩინეთის, თურქეთის, არგენტინის, ფილიპინებისა და აშშ-ის ქალაქებში გამოიყენება.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0