ისტორიული განახლება: თბილისის მეტროპოლიტენს 25 ახალი მატარებელი შეემატება

© photo: Sputnikმეტროს ვაგონი
მეტროს ვაგონი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
პროექტის ჯამური ღირებულება 150 მლნ ევროს შეადგენს, საიდანაც 125 მლნ დოლარი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) კრედიტით ფინანსდება.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის განახლება 111 ახალი ვაგონით მართლაც ისტორიული მოვლენაა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში, რადგან თბილისის მეტროს ბოლოს ახალი ვაგონები 34 წლის წინ შეემატა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ჩინეთში, მეტროს ვაგონების მწარმოებელ კომპანიაში (CRRC ) სპეციალურად თბილისის მეტროპოლიტენისთვის წარმოებული ახალი მატარებლის წარდგენის ცერემონიაზე.
თბილისის მეტროპოლიტენის განახლების პროექტის ფარგლებში, 28 სექტემბერს ჩინეთში, CRRC-ის საწარმოში ახალი მატარებლის წარდგენის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე დელეგაციასთან ერთად დაესწრო. თბილისის მერი კომპანიის საწარმოო პროცესს გაეცნო და სპეციალურად დედაქალაქისთვის დამზადებული პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა დაათვალიერა.
„თბილისის მეტროპოლიტენს ხანგრძლივი ისტორია აქვს. თავის დროზე მისი შექმნა ქალაქის სატრანსპორტო განვითარებისკენ გადადგმული ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო. დღეს უკვე ჩვენ ვაგრძელებთ ამ ისტორიას და ახალ სიცოცხლეს ვაძლევთ მეტროპოლიტენს, რომელმაც უნდა უპასუხოს თანამედროვე თბილისის საჭიროებებს. მეტრო თბილისისთვის მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ არის. ის ქალაქის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მეტროს განახლება მხოლოდ ტრანსპორტის განახლებას არ ნიშნავს, ეს არის ნაბიჯი კიდევ უფრო კომფორტული, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოს შექმნისკენ.
მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე უკვე დასრულებულია სრულიად თანამედროვე პირველი 4-ვაგონიანი შემადგენლობა, რომელიც წლის ბოლოს იქნება თბილისში. თბილისის მეტროპოლიტენს ჯამში შეემატება 111 ახალი ვაგონი, ანუ 25 ახალი მატარებელი, მათგან 14 მატარებელი იქნება 4-ვაგონიანი, ხოლო 11 კი 5-ვაგონიანი. თბილისის მეტროსთვის ახალი მოძრავი შემადგენლობების მიწოდება ხუთწლიან პერიოდშია გათვალისწინებული.
როგორც CRRC ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტმა ლი დინგ ნანიმ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, თბილისის მეტროს პროექტი CRRC-ის მიერ „სარტყლისა და გზის“ მაღალხარისხოვანი განვითარებისთვის განხორციელებული ერთ-ერთი სიმბოლური პროექტია და ჩინეთ-საქართველოს ორმხრივად ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგი.
„ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ ის კიდევ უფრო სრულყოფს ქალაქის სატრანსპორტო ქსელს, აამაღლებს საზოგადოებრივი მომსახურების დონეს და მოქალაქეებს გადაადგილებას გაუადვილებს. პროექტს დიდი მნიშვნელობა ექნება ჩინეთსა და საქართველოს შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებისთვის, ისტორიული მეგობრობის განმტკიცებისა და აზიისა და ევროპის დაკავშირებისთვის“, - განაცხადა მან.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, მატარებლის ახალი ვაგონები სპეციალურად თბილისისთვის შეიქმნა და ის უნდა გახდეს თბილისის მეტროს განუყოფელი ნაწილი და საქართველო-ჩინეთის მეგობრობის სიმბოლო. ასევე გამოითქვა იმედი, რომ ღონისძიების სლოგანი – „თბილისის მეტროს წარმატებული განვითარება“ რეალური პერსპექტივაა.
ახალი მატარებლები ე.წ. გამჭოლი ვაგონებით იქნება აღჭურვილი, რაც ერთი შემადგენლობის ფარგლებში ვაგონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა. პროექტის მიხედვით, „ახმეტელის თეატრი-ვარკეთილის“ ხაზზე არსებული 4-ვაგონიანი მატარებლების ნაწილი 5-ვაგონიანი შემადგენლობებით ჩანაცვლდება, რაც მგზავრთა გადაყვანის მოცულობას გაზრდის.
მერიის ინფორმაციით, ამჟამად თბილისის მეტროს 48 მატარებელი, ჯამში 192 ვაგონი ემსახურება.
2025 წლის ივლისში თბილისის მერიამ კომპანია GT Group-თან გააფორმა ხელშეკრულება თბილისის მეტროპოლიტენისთვის 111 ვაგონის (ჩინური გიგანტის — CRRC-ის მიერ წარმოებული) მოწოდების თაობაზე - გარიგების საერთო ღირებულება 150 მილიონი ევროა. თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის განახლება აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
CRRC მეტროს მოძრავი შემადგენლობის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია. კომპანიის მიერ წარმოებული ვაგონები, მათ შორის, ჩინეთის, თურქეთის, არგენტინის, ფილიპინებისა და აშშ-ის ქალაქებში გამოიყენება.
ყველა ახალი ამბავი
0