„საქართველოს მელიორაციამ“ ჩინეთში გამართულ სემინარზე დარგის განვითარების ხედვა წარადგინა

© photo: Sputnik / Stringerჟინვალის წყალსაცავი
ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო, 1920, 29.09.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მელიორაციასა და ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნულ კომიტეტს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად.
თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. „საქართველოს მელიორაციამ“ ჩინეთში გამართულ საერთაშორისო სემინარზე განვითარების ხედვა წარადგინა და თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები განსაზღვრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ქართულმა დელეგაციამ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გამართულ წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებამ, რომლის მთავარი თემაც იყო „აბრეშუმის გზის კვალდაკვალ: წყლის დაზოგვის ტრადიცია და ინოვაციები მშრალ რეგიონებში“, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები და წყლის რესურსების მართვის სფეროს წამყვანი სპეციალისტები გააერთიანა.
სემინარზე განხილვის მთავარ მიმართულებებს წარმოადგენდა წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება, დანაკარგების შემცირება, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა და მელიორაციის სექტორის მდგრადი განვითარება.
„საქართველოს მელიორაციის“ დელეგაციამ, რომელსაც კომპანიის გენერალური დირექტორი გიგლა თამაზაშვილი ხელმძღვანელობდა, საერთაშორისო პარტნიორებს საქართველოში მელიორაციის სექტორის განვითარების მიმართულებით მიმდინარე პროცესები, განხორციელებული პროექტები და სამომავლო პრიორიტეტები გააცნო.
სემინარზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საირიგაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მასშტაბურ პროექტებზე, წყლის რესურსების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენების მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებსა და სექტორის განვითარების სამომავლო ხედვებზე.
უწყების ცნობით, პრეზენტაციის ფარგლებში ასევე განიხილეს მელიორაციის სისტემის ციფრული ტრანსფორმაციის მიმართულებით დაგეგმილი ღონისძიებები, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით წყლის რესურსების მართვის გაუმჯობესებასა და საირიგაციო სისტემების ეფექტიანობის გაზრდას ითვალისწინებს.
ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საქართველოს მელიორაციასა და ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნულ კომიტეტს შორის პარტნიორობის გასაღრმავებლად. გიგლა თამაზაშვილმა შეხვედრები გამართა ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის (CNCID) საპატიო პრეზიდენტ გაო ჟანისთან და კომიტეტის გენერალურ მდივან ვუ ვენიონგთან, ასევე, ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის (IWHR) წარმომადგენლებთან.
შეხვედრებზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში საუკეთესო გამოცდილების გაზიარებაზე და თანამედროვე ტექნოლოგიებისა და პრაქტიკის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობებზე.
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ წყლის რესურსების მართვისა და საირიგაციო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით ჩინეთში დანერგილ პრაქტიკულ მიდგომებს, ტექნოლოგიებსა და მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე ჩამოყალიბებულ პრაქტიკას.
წყლის კულტურის VI საერთაშორისო სემინარი UNESCO-ს, ჩინეთის ირიგაციისა და დრენაჟის ეროვნული კომიტეტის (CNCID) და ჩინეთის წყლის რესურსებისა და ჰიდროენერგეტიკის კვლევითი ინსტიტუტის (IWHR) ორგანიზებით გაიმართა.
2026 წლისთვის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 83 მლნ ლარი გამოიყო. ეს თანხები ხმარდება საირიგაციო (სარწყავი) და სადრენაჟო (დაშრობის) სისტემების კაპიტალურ განახლებას.
ყველა ახალი ამბავი
0