არასრულწლოვნები ჯგუფურად სცემეს, დაამცირეს და ვიდეო გადაუღეს: დაკავებულია ერთი პირი

© photo: Sputnik / Stringerშსს-ს შენობა
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2026
გამოწერა
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს, ის „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერია
თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე ანალოგიური დანაშაულებრივი ქმედებების ორგანიზების ბრალდებით წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთმა ლიდერმა თანამოაზრეებთან ერთად არსებული უთანხმოების ნიადაგზე მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ.
გამოძიებით ასევე დგინდება, რომ 2025 წელს ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.
სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ცნობილი ხდება, რომ არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.
აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ფაშისტური იდეოლოგიის მქონე ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირში მყოფი სხვა პირების გამოვლენისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 144-ე ტერცია და 25-144-ე ტერცია მუხლებით მიმდინარეობს, რაც 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0