საქართველო და ჩინეთი სატრანსპორტო თანამშრომლობის კოორდინაციისთვის სამუშაო ჯგუფს შექმნიან

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი და ლიუ ვეი
მარიამ ქვრივიშვილი და ლიუ ვეი - Sputnik საქართველო, 1920, 23.09.2026
გამოწერა
2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მლრდ დოლარია გათვალისწინებული.
თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველომ და ჩინეთმა ტრანსპორტის სფეროში ეფექტური კოორდინაციისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა განიხილეს, რომელიც სარკინიგზო, საზღვაო, საავტომობილო და სამოქალაქო ავიაციის მიმართულებების შესაბამის უწყებებსა და ორგანიზაციებს გააერთიანებს, ნათქვამია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაში.
აღნიშნული ინიციატივა პეკინში საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილისა და ჩინეთის ტრანსპორტის მინისტრ ლიუ ვეის შეხვედრაზე გაჟღერდა, სადაც ქართული უწყების ხელმძღვანელი „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის" ფარგლებში იმყოფება.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე, როგორც „შუა დერეფნის" ერთ-ერთ საკვანძო ინფრასტრუქტურულ პროექტზე. აღინიშნა, რომ ამ ეტაპზე ანაკლიაში აქტიური სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე ხაზი გაესვა, რომ 2032 წლამდე პრიორიტეტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაახლოებით 7 მლრდ დოლარია გათვალისწინებული.
საქართველოს მიზანი საზღვაო და სარკინიგზო ქსელების გამტარუნარიანობის გაორმაგება, ხოლო ქვეყნის აეროპორტების ინფრასტრუქტურის ჯამური გამტარუნარიანობის გასამმაგებაა. აქცენტი გაკეთდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბურ განახლებაზე.
მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ჩინეთს შორის პირდაპირი საჰაერო კავშირების გაფართოების პერსპექტივები. მათ შორის, საუბარი შეეხო თბილისი-პეკინისა და თბილისი-კუანგჭოუს პირდაპირი მიმართულებების განვითარების შესაძლებლობებს. პირდაპირი საჰაერო კავშირების შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოსა და ჩინეთის სამოქალაქო ავიაციის შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობა გაგრძელდება.
გარდა ამისა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო „შუა დერეფნის" შემდგომ განვითარებას, მისი ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა პეკინში, გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმის ფარგლებში მიღებულ ერთობლივ ინიციატივას ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის გამტარუნარიანობის, საიმედოობის, ეფექტიანობისა და კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების ხელშეწყობის შესახებ, რომელიც ითვალისწინებს მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაძლიერებას.
აღინიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება ჩინეთის მზარდ ინტერესს შუა დერეფნის მიმართ, რაც დერეფნის გავლით ჩინეთთან დაკავშირებული ტვირთბრუნვის ზრდაშიც აისახება. 2025 წელს შუა დერეფნის გავლით ჩინეთიდან და ჩინეთის მიმართულებით ტვირთბრუნვა 20%-ით გაიზარდა, ხოლო მაღალი დინამიკა 2026 წელსაც გრძელდება.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0