ქვრივიშვილი ჩინეთში საერთაშორისო ფორუმში მიიღებს მონაწილოებას

© Сourtesy of Georgian Governmentმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
ეკონომიკის მინისტრი სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში „გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში” მიიღებს მონაწილეობას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმი 2026“ (Global Sustainable Transport Forum) 22-23 სექტემბერს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში მიმდინარეობს - ღონისძიების მთავარი თემაა „მდგრადი ტრანსპორტი: ადამიანების უფრო მარტივი გადაადგილება და საქონლის შეუფერხებელი ნაკადი“.
ორდღიანი ფორუმის ფარგლებში მარიამ ქვრივიშვილი, რომელიც პეკინში დელეგაციასთან ერთად იმყოფება, სიტყვით გამოვა „ტრანსკასპიურ საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტთან" დაკავშირებით გამართულ მაღალი დონის შეხვედრაზე.
ფორუმი მიზნად ისახავს უსაფრთხო, ეფექტიანი და მდგრადი სატრანსპორტო სისტემების განვითარებას, გლობალური კავშირის გაძლიერებასა და სავაჭრო-ლოგისტიკური ქსელის გაუმჯობესებას.
ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ეკონომიკის მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს ჩინეთის ტრანსპორტისა და კომერციის სამინისტროებში, შეხვდება წამყვანი ჩინური კომპანიების წარმომადგენლებს.
„გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმი“ უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს, ტრანსპორტის მინისტრებს, გაეროსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს, ბიზნესის წარმომადგენლებსა და მეცნიერებს მდგრადი ტრანსპორტის განვითარების მიზნით.
საქართველო და ჩინეთი
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0