შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა

© State Security Service of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართება ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ბელგიის სამეფოს დედაქალაქ ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავმჯდომარე შეხვედრებს გამართავს ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან.
როგორც სექტემბრის დასაწყისში შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ეს არის ორმხრივი სამუშაო ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც დელეგაცია ბელგიის გარდა ლუქსემბურგსაც ეწვევა. მისი თქმით, ბრიუსელი საქართველოსთან მიმართებით ჩიხშია, საკუთარი თავის, ილუზიებისა და ცრუ ნარატივების ტყვე გახდა და ვერ გამოდის ამ ჩიხიდან. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ვიზიტის მიზანია ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან პირდაპირი კომუნიკაცია, რათა მათთან „სიმართლე მიიტანონ“ და ბრიუსელს „დავეხმარონ ამ ჩიხიდან გამოსვლაში“.
დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, შედიან საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0