პაპუაშვილი: ბრიუსელი საქართველო-ევროკავშირის დიალოგს უნდა დაუბრუნდეს

© photo: Parliament of Georgiaშალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 22.09.2026
გამოწერა
მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება
თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან დიალოგის განახლების იმედი აქვს, მთავარია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგს, განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
მანამდე პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ბრიუსელში გამართავს რიგ შეხვედრებს იმ დეზინფორმაციასა და ყალბ ნარატივებთან საბრძოლველად, რომლებიც ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება.
„მნიშვნელოვანია, წევრმა-სახელმწიფოებმაც იმუშაონ ევროკავშირის ინსტიტუციებთან და დაარწმუნონ, რომ პასუხები არის არა კონფრონტაციაში, დაპირისპირებაში, არამედ პასუხები ყოველთვის არის დიალოგში. მნიშვნელოვანია, ბრიუსელი დაუბრუნდეს დიალოგის გზას. ჩვენ ამის მზაობას ყოველთვის გამოვთქვამდით და იმედი გვაქვს, გვექნება შესაძლებლობა, აღვადგინოთ დიალოგი ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციებთან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საქართველოს ამ საკითხში ბელგიის დახმარების იმედი აქვს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ბელგიის პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს.
„ჩვენს ორ პარლამენტს შორის არსებობს მჭიდრო კავშირები კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების დონეზე“, — აღნიშნა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, ბელგიელ კოლეგებთან შეხვედრისას განიხილეს გლობალური მოვლენები და რეგიონული განვითარების საკითხები.
„ვფიქრობ, ამ მხრივ მნიშვნელოვანი იყო, რომ ჩვენს კოლეგებს მოესმინათ ჩვენი პერსპექტივიდან დანახული ის კონფლიქტები, რომელიც ჩვენს დიდ რეგიონშია, ასევე ის პერსპექტივები, რომელსაც ვხედავთ და ის მნიშვნელობა, რომელიც აქვს სამხრეთ კავკასიას და შუა დერეფანს, რათა ევროკავშირი, მისი თითოეული წევრი, ბელგიის ჩათვლით და მათი მოსახლეობის კეთილდღეობა იყოს უზრუნველყოფილი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.
ყველა ახალი ამბავი
0