კასრაძე: ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში წვლილს შეიტანენ

© photo: Ministry of Economy and Sustainable Development / FBტექნოპარკი
ტექნოპარკი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, 2027 წლის ინოვაციების ფორუმის მასპინძლობა საქართველოსთვის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება იქნება.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. დარწმუნებული ვართ, ქართული სტარტაპები მსოფლიო ტურიზმის ტექნოლოგიურ განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანენ, განაცხადა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ავთანდილ კასრაძემ.
18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2027 წლის ინოვაციების ფორუმის მასპინძელი ქვეყანა გახდა.
შესაბამისი შეთანხმება მიღწეულ იქნა ქუთაისში, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილისა და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის შაიხა ნასერ ალ ნუვაისის შეხვედრის ფარგლებში.
„ძალიან საინტერესო და ინტერაქციული შეხვედრა გაიმართა ქართულ ინოვაციურ მაღალტექნოლოგიურ სტარტაპებთან. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე ძალიან მაღალ დონეზე წარმოჩინდა ქართული ინოვაციური ეკოსისტემა და დარწმუნებულები ვართ, გაეროს ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად ძალიან ბევრი ინოვაციური პროექტი განხორციელდება“, - აღნიშნა კასრაძემ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში შაიხა ნასერ ალ ნუვასის ვიზიტისას.
ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბის სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი დაათვალიერეს, გაეცნენ თუმოს საერთაშორისო სკოლას, წამყვან ტექნოლოგიურ ლაბორატორიებს, ასევე დაათვალიერეს ვირტუალური რეალობის ლაბორატორია, რომელიც ტურიზმის სფეროში ძალიან აქტიური ტექნოლოგიების შემოქმედია.
აღინიშნა, რომ ქართული სტარტაპები უკვე ქმნიან მაღალტექნოლოგიურ, კონკურენტუნარიან პროდუქტებს. კასრაძის თქმით, საქართველოში ადრეული სტადიის სტარტაპების დონე და მათი იდეები არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან ტექნოლოგიურ ჰაბებს.
საქართველოს მთავრობა სტარტაპებს ქვეყანაში აქტიურად უჭერს მხარს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა. სააგენტოს მთავარი მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და მისი მხარდაჭერა. სააგენტო ასევე ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
სტარტაპების მხარდასაჭერად, მთავრობამ პირველი სამი წლის განმავლობაში ისინი მთლიანად გაათავისუფლა საშემოსავლო გადასახადისგან. გარდა ამისა, გარკვეული საგადასახადო შეღავათები 10 წლის განმავლობაში იქნება ძალაში.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, ქვეყანაში შემოვიდა ძლიერი გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა და სტარტაპ-აქსელერატორი - 500 Global-ი, რომელიც მსოფლიოს სამ საუკეთესო აქსელერატორს შორისაა.
მასში ქართულ სტარტაპებთან ერთად, საერთაშორისო სტარტაპებიც მონაწილეობენ, რაც ხაზს უსვამს საქართველოს, როგორც რეგიონული ინოვაციური ცენტრის როლს.
ტექნოლოგიური ჰაბი საქართველოს პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდა - პარლამენტმა ქუთაისში ფუნქციონირება 2012 წელს დაიწყო, მას შემდეგ, რაც მაშინდელი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ინიცირებული ცვლილებები საქართველოს კონსტიტუციაში შევიდა. საკანონმდებლო ორგანო ქუთაისიდან თბილისს 2019 წლის დასაწყისში დაუბრუნდა.
ტექნოლოგიური ჰაბის განვითარების პროექტისთვის 12 მილიონი ლარი გამოიყო. ჰაბის გახსნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შემადგენლობაში შემავალ საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს დაევალა.
ყველა ახალი ამბავი
0