სამინისტრო: კლინიკაში მყოფი ბაღის ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო სრულად ფარავს

© photo: Sputnik / Alexey Kudenkoწვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო, 1920, 19.09.2026
გამოწერა
საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ინტოქსიკაცია შესაძლოა ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც სავარაუდოდ ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.
თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებული ბაღის აღსაზრდელების ოჯახის წევრებს გაწეული სამედიცინო მომსახურებისთვის გარკვეული თანხის გადახდა უწევთ, არ შეესაბამება სიმართლეს, ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ თბილისში მდებარე 20 ბაგა-ბაღის 55 აღსაზრდელსა და 1 აღმზრდელს ინტოქსიკაციის ნიშნები გამოუვლინდათ. მათ სამედიცინო დახმარებისთვის თბილისში მდებარე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართეს.
ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, კლინიკაში მყოფი ბაღის ბავშვების მკურნალობის ხარჯებს სრულად ფარავს სახელმწიფო.
„საბავშვო ბაღებში მომხდართან დაკავშირებით კლინიკაში გადაყვანილი აღსაზრდელების ოჯახის წევრები მიღებულ სერვისში თანხას არ გადაიხდიან. განვმარტავთ, რომ უკლებლივ ყველა კლინიკა დილიდან ინფორმირებული და გაფრთხილებულია, რომ ბაღის აღსაზრდელების სამედიცინო მომსახურების საფასურის გადახდა არ მოითხოვონ მშობლებისაგან, რადგან სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს სრულად ფარავს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეპიდემიოლოგიური რისკების დაზღვევის მიზნით, თბილისის შვიდ ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ეს ბაღებია - 59-ე, 124 -ე, 22-ე, 109-ე, 46 -ე, 121-ე და 79-ე.
თბილისში მდებარე ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებისა და აღმზრდელის ინტოქსიკაციის ფაქტზე შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა.
უწყების ცნობით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის, ჩხრეკა მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა 4 ბაგა-ბაღსა და ბაგა-ბაღებისთვის საკვები პროდუქტების მიმწოდებელ 3 კომპანიაში.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ინტოქსიკაცია, შესაძლოა, ბაქტერიულ ინფექციას უკავშირდებოდეს, რომლის წყაროც, სავარაუდოდ, ბაგა-ბაღებში მიღებული საკვები პროდუქტია.
ბაგა-ბაღებში ბავშვების სავარაუდო ინტოქსიკაციის ფაქტზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად მოკვლევა დაიწყო სურსათის ეროვნულმა სააგენტომაც.
სააგენტოს ინფორმაციით, ინსპექტორებმა ბაგა-ბაღებიდან და სურსათის მიმწოდებელი კომპანიებიდან სურსათის ნიმუშები აიღეს და გამოსაკვლევად ლაბორატორიაში გადააგზავნეს. სააგენტო ლაბორატორიული კვლევის შედეგებს მიღებისთანავე გაასაჯაროვებს.
გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 198-ე მუხლით, ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას.
ყველა ახალი ამბავი
0