ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ საშენ მეურნეობას სამი ხარირემი და 3 ფურირემი შეემატა

© photo: Sputnik / Vitaly Anikovირმები
ირმები - Sputnik საქართველო, 1920, 18.09.2026
გამოწერა
ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის საშენი მეურნეობა კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია.
თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. ალგეთის ეროვნულ პარკში კეთილშობილი ირმის (Cervus elaphus maral) საშენ მეურნეობას სამი ხარირემი და სამი ფურირემი შეემატა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
კავკასიური ირმის საშენი მეურნეობა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ინიციატივით გასული წლის ივლისში ველური ბუნების ეროვნული სააგენტოსა და თბილისის ზოოპარკის ინიციატივით შეიქმნა. მეურნეობაში არსებული ირმების რაოდენობა ერთი წლის განმავლობაში 9 ინდივიდს შეადგენდა.
ალგეთის ეროვნულ პარკში მოწყობილ მეურნეობაში ირმების რაოდენობა უკვე 15-მდე გაიზარდა. უწყების ცნობით, ახალი ინდივიდების დამატება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ირმების ასაკი ერთ წლამდეა და მიმდინარე წელს მათ პირველი მყვირალობა ექნებათ, რაც პოპულაციის გამრავლებისა და განახლების შესაძლებლობებს ზრდის.
„კავკასიაში კეთილშობილი ირმის პოპულაცია საგრძნობლად არის შემცირებული, ამიტომ ახალი ინდივიდების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია სახეობის სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბებისკენ. ალგეთის ეროვნული პარკი ამ მნიშვნელოვანი კონსერვაციული ინიციატივის განხორციელების ერთ-ერთი მთავარი არეალია“, - განაცხადა ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს უფროსმა რევაზ ბეჟაშვილმა.
მეურნეობა, რომელიც კავკასიის მასშტაბით ყველაზე დიდია, 72 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული. ტერიტორია სრულად შემოღობილია და აღჭურვილია თანამედროვე მონიტორინგის სისტემებით, მათ შორის, ფოტოხაფანგებითა და კამერებით. მეურნეობაში შექმნილია შესაბამისი პირობები ირმების გამრავლებისა და გარემოსთან ადაპტაციისთვის.
კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამის პირველ ეტაპზე დაგეგმილია მათი რაოდენობის 20 ინდივიდამდე გაზრდა. სტაბილური და მზარდი პოპულაციის ჩამოყალიბების შემდეგ კეთილშობილი ირმების ველურ ბუნებაში ეტაპობრივი გაშვება იგეგმება.
უწყების ინფორმაციით, კავკასიური კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამისთვის ალგეთის ეროვნული პარკი მიზანმიმართულად შეირჩა - ტერიტორია თრიალეთის ქედის შუაგულში მდებარეობს, სადაც ბუნებრივი ჰაბიტატები და მაღალი დაცულობის ხარისხი ოპტიმალურ პირობებს ქმნის როგორც პოპულაციის აღსადგენად, ისე მისი შემდგომი დაცვისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0