მთავარი ეროვნული ამოცანები: პარლამენტის სპიკერი საქართველოში არსებულ ვითარებაზე

© photo: Parliament of Georgia
გამოწერა
ქვეყანა დაუბრუნდა თავის ისტორიულ საწყისებს, სადაც უმთავრესი ადგილი ეროვნულ ინტერესებს, უპირველეს ყოვლისა, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას ეკავა
თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობას ორი მთავარი ამოცანა აქვს — ქვეყნის გამთლიანება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა და ის ამ მიზნების შესაბამისად მოქმედებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
ქვეყნის პირველმა კანონმდებელმა „პირველ არხს" ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც დაადასტურა ხელისუფლების ერთგულება ეროვნულ ინტერესებზე დაფუძნებული პრაგმატული პოლიტიკის მიმართ.
„მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა და ყველამ კარგად გაიგოს, ჩვენმა მოყვარემაც და მტერმაც, ეს არის ჩვენი ორი უმთავრესი ამოცანა და ყველა სხვა ამოცანა და მიზანი ექვემდებარება ამას. არ არსებობს ამაზე უპირატესი ამოცანა, ვიდრე ჩვენი ქვეყნის გამთლიანება და კეთილდღეობის ზრდაა, არცერთ ორგანიზაციაში გაწევრიანება, არცერთი სხვა ვინმეს კეთილგანწყობის მოპოვება არ უღირს ჩვენს ერს ტერიტორიული მთლიანობის და კეთილდღეობის რისკის ქვეშ დაყენების ფასად“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს პრობლემა აქვს არა ევროპასთან და ევროკავშირთან, არამედ ბრიუსელთან, რომელიც, მისი თქმით, ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს.
„ჩვენ არც ევროკავშირთან არ გვაქვს პრობლემა, ვინაიდან იმ სადამფუძნებლო დოკუმენტებსა და პრინციპებს, რომლებსაც ეფუძნება ევროკავშირი, სრულად ვიზიარებთ და ამიტომ გვინდა ამ ორგანიზაციის წევრობა, მაგრამ ჩვენ პრობლემა გვაქვს ბრიუსელთან. ბრიუსელი დღეს ამრუდებს ევროკავშირის ღირებულებებს, უკან წევს ევროკავშირს იმ ღირებულებებისგან, რომელზეც იყო დაფუძნებული“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პოლიტიკოსის განცხადებით, ხელისუფლების ერთ-ერთ საკვანძო ამოცანად დღესდღეობით რჩება ისეთი საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღება, რომლებიც უპასუხებენ ქვეყნის მოქალაქეების ინტერესებს და უშუალოდ შეუწყობენ ხელს მათი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკანონმდებლო საქმიანობის მთავარი მიზანია ისეთი კანონების მიღება, რომლებიც სარგებელს მოუტანს თითოეულ მოქალაქეს. მაგალითად მან მოიყვანა ორი ახალი ინიციატივა, რომლებიც საპენსიო ფონდსა და ქონების გადასახადს უკავშირდება და აღნიშნა, რომ მომავალში მსგავსი საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ ბევრი იქნება.
პაპუაშვილმა ასევე განაცხადა, რომ დღეს საქართველო წარმატებებს აღწევს როგორც ეკონომიკურ სფეროში, ისე უსაფრთხოების საკითხებში. მისი აზრით, ასეთი შედეგები შესაძლებელი გახდა ხელისუფლების წინდახედული პოლიტიკის წყალობით, რომელიც გადაწყვეტილებების მიღებისას, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამოდის.
სწორედ ამით აიხსნება ხელისუფლების დაბრუნება იმ მიდგომასთან, რომლის დროსაც სახელმწიფოს როგორც შიდა, ისე საგარეო პოლიტიკა საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ყალიბდება. პაპუაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქვეყნის მართვის ასეთ პრინციპს იგი მის პოლიტიკურ საწყისებთან დაბრუნებად მიიჩნევს
საქართველოს მიღწევების ერთ-ერთი დასტურია ახალი პროექტის — 62-სართულიანი ცათამბჯენის, Trump Tower Tbilisi-ის რეალიზაცია, რომელიც ქვეყანაში ყველაზე მაღალი შენობა გახდება.
„ვფიქრობ, აქ Trump-ის ბრენდის გამოჩენა თავად ორგანიზაციისთვისაც მნიშვნელოვანია, რადგან მსოფლიოს ამ ნაწილში, სხვადასხვა ცივილიზაციის ამ გზაჯვარედინზე, Trump-ის ბრენდი ამაყად უნდა ჩანდეს და ანათებდეს. ამიტომ მიმაჩნია, რომ ეს არის ძალიან მასშტაბური, ორმხრივად მომგებიანი პროექტი, რომელიც, როგორც დღეს აღინიშნა კიდეც, ნამდვილად უსწრებს თავის დროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
Trump Tower Tbilisi-ის პროექტის საერთაშორისო პრეზენტაცია თბილისში 15 სექტემბერს გაიმართა. Downtown Tbilisi-ს მთავარი სიმბოლო 62-სართულიანი, 280 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი გახდება. მთელი კომპლექსი დაახლოებით 600 ათას კვადრატულ მეტრს დაიკავებს. პროექტის განხორციელებაში მონაწილეობენ Trump Organization, ქართული Archi Group, Sapir Organization და სხვა პარტნიორები. არქიტექტურულ შემუშავებაში ჩართულია საერთაშორისო კომპანია Gensler-ის ვაშინგტონის ოფისი.
საქართველო და ევროკავშირი
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ 2023 წლის დეკემბერში მიიღო. კანდიდატის სტატუსის მიღებამდე ქვეყანამ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი - საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წელს ამოქმედდა.
კანდიდატის სტატუსთან ერთად, საქართველომ მიიღო ცხრა ახალი პირობა, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად. მათ შორისაა პოლარიზაციის დაძლევა, დეოლიგარქიზაცია, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნების უზრუნველყოფა და სხვა.
2024 წელს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონების მიღების საპასუხოდ, ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში, ასევე შეაჩერა ფინანსური დახმარება და ქვეყნის ევროინტეგრაცია იმ მიზეზით, რომ ქვეყანამ მოლაპარაკებების დასაწყებად პირობები არ შეასრულა.
ამ გადაწყვეტილებების შემდეგ, 2024 წლის 28 ნოემბერს, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამის პასუხად დასავლეთმა საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულა და მოუწოდა „ევროკავშირის გზაზე დაუყოვნებლად დაბრუნებისკენ“, 2025 წლის 27 იანვარს კი ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო რეჟიმი შეაჩერა.
2025 წლის ივლისში ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილი გამოუგზავნა, რომლის თანახმად, თუ საქართველოს მთავრობა არ შეასრულებს გარკვეულ პირობებს, რომლებიც უკავშირდება კანონებს „უცხოელი აგენტების შესახებ“ და „ლგბტ პროპაგანდის შესახებ“, უვიზო რეჟიმი მოქალაქეებისთვისაც შეჩერდება. ხელისუფლება პირობებს „არარეალურს“ უწოდებს, თუმცა დარწმუნებულები არიან, რომ უვიზო რეჟიმი არ შეჩერდება.
2026 წლის 6 მარტს, ევროკომისიამ შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის და განაცხადა, რომ შეზღუდვებს ქვეყნის ყველა მოქალაქეზე გაავრცელებდა.