ვინ დაიკავებს სუს-ის უფროსის პოსტს? პრემიერმა კანდიდატურა წარადგინა

თამაზ ბორაშვილი
თამაზ ბორაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი თამაზ ბორაშვილი გახდება.
თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი ხელმძღვანელი თამაზ ბორაშვილი გახდება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
ამ დრომდე ბორაშვილს სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას. თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე", - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერი დარწმუნებულია, რომ საკანონმდებლო ორგანო ბორაშვილს ნდობას გამოუცხადებს.
თამაზ ბორაშვილის ბიოგრაფია მჭიდროდ არის დაკავშირებული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან. წლების განმავლობაში მას სუს-ის სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა ეკავა, 2025 წლის 4 სექტემბრიდან კი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტი უჭირავს.
მთავრობის მეთაურმა ბორაშვილს ახალ თანამდებობაზე წარმატებული საქმიანობა უსურვა.
რაც შეეხება სუს-ის ყოფილ უფროს გელა გელაძეს, რომელმაც თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში დღეს, 14 სექტემბერს გაავრცელა, იგი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.
ყველა ახალი ამბავი
0