მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა

© Sputnik / STRINGERმამუკა მდინარაძე და ირაკლი ღარიბაშვილი
მამუკა მდინარაძე და ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 14.09.2026
გამოწერა
დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.
თბილისი, 14 სექტემბერი - Sputnik. პოლიტიკიდან წასულ საქართველოს მთავრობის ყოფილ წევრ მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა, შესაბამის განკარგულებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 8 სექტემბერს მოაწერა ხელი.
დოკუმენტის თანახმად, მდინარაძეს სახელმწიფო დაცვა „შესაბამისი წინაპირობებიდან გამომდინარე საჭიროების გასვლამდე“, 2027 წლის 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების შესაბამისად დაენიშნა.
დაცვის ღონისძიებების განხორციელება სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დაევალა.
შეგახსენებთ, უფლებამოსილების ვადის გასვლიდან 1 წლის შემდეგ ან უფლებამოსილების შეწყვეტიდან 1 წლის შემდეგ, უმაღლესი თანამდებობის პირებს დაცვა ენიშნებათ, თუ მათი უფლებამოსილების შეწყვეტა არ არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის შედეგი და არსებობს საკმარისი მონაცემები ან შესაბამისი სამსახურებიდან მიღებულია ინფორმაცია, რომ მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.
ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების ექს-მინისტრმა მამუკა მდინარაძემ თანამდებობის დატოვებისა და პოლიტიკიდან წასვლის შესახებ 27 აგვისტოს განაცხადა - მინისტრის თანამდებობამდე მას სუს-ის უფროსის და სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის სახელმწიფო მინისტრის პოსტები ეკავა.
მამუკა მდინარაძეს პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მსჯავრდებული ირაკლი ღარიბაშვილის რამდენიმე წერილი. ერთ-ერთ მათგანში ღარიბაშვილმა ახსენა გზავნილი, რომელიც, მისი თქმით, 2026 წლის ივლისში მიიღო მდინარაძისგან, რომელსაც მმართველ პარტიაში გავლენიანი თანამდებობა ეკავა. წერილში ნათქვამი იყო, რომ ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი სისხლის სამართლის საქმე მზადდებოდა, რათა თავიდან აეცილებინათ მისი პოლიტიკაში დაბრუნება. თავად მდინარაძემ ღარიბაშვილის ბრალდებებს აბსურდული უწოდა.
ამჟამად მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მდინარაძე, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.
მამუკა მდინარაძის შესახებ
განათლებით იურისტმა მამუკა მდინარაძემ კარიერა პოლიციაში დაიწყო და თბილისის ერთ-ერთ რაიონში გამომძიებლად მუშაობდა. ადვოკატის ლიცენზიის მიღების შემდეგ, 2007-დან 2014 წლამდე პერიოდში იყო „თბილისის იურიდიული ცენტრის“ მმართველი პარტნიორი და ადვოკატი, შემდეგ მან დააფუძნა საკუთარი კომპანია – „მდინარაძე და პარტნიორები“.
2016 წელს მდინარაძე საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა: 2025 წლის სექტემბრამდე იგი პოლიტიკურ მოღვაწეობას ეწეოდა და მმართველი პარტიის ერთ-ერთი მთავარი სპიკერი იყო.
მამუკა მდინარაძე პოლიტიკიდან მას შემდეგ წავიდა, რაც სუს-ის (სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის) ხელმძღვანელის პოსტი დაიკავა. სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე მდინარაძე ამ უწყების შექმნის შემდეგ, 2026 წლის 30 აპრილს დაინიშნა.
30 ივლისს მდინარაძე რეგიონული განვითარების მინისტრად დაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0