მიქანაძე: პროფესსასწავლებლების პროგრამები, შესაძლოა, უმაღლეს განათლებაში ჩაითვალოს

© Parliament of Georgiaგივი მიქანაძე
გივი მიქანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
განათლების მინისტრის თქმით, პროფესიული მიმართულება ერთ-ერთი პრიორიტეტულია.
თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. განთალების სამინისტრო გეგმავს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტს მიმართოს, რომლის თანახმადაც პროფესიულ კოლეჯში მიღებული განათლებით სტუდენტს შესაძლებლობა ექნება სწავლის გაგრძელება უნივერსიტეტში შეძლოს, განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ.
ბოლო წლებში საქართველოს მთავრობა აქტიურად ახორციელებს რეფორმებს პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც საქართველოში სრულიად უფასოა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, უწყების სურვილია პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესი განათლების შესაბამის მიმართულებებში.
„ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით. ჩვენ პროფესიული განათლების იმიჯის წამოწევა გვინდა. მინდა, ცალსახად განვაცხადო, რომ პროფსასწავლებელში მიღებული განათლების მქონე ადამიანი არ შეიძლება იყოს უმაღლესის კურსდამთავრებულზე რაღაცით დაბალხარისხოვანი. ჩვენ ამ სტერეოტიპის წინააღმდეგ აქტიურად ვიბრძვით“, – აღნიშნა მიქანაძემ.
როგორც მინისტრმა განაცხადა, უკვე მესამე წელია ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დამამთავრებელ კლასებში დანერგილია ინტეგრირებული პროგრამა, რომელიც დღეის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით 83 სკოლაში მოქმედებს. წლევანდელი სასწავლო წლიდან კიდევ ექვსი სკოლა დაემატება და, ჯამში, 89 სკოლა იქნება, დასძინა მიქანაძემ.
„არ შეიძლება დავაკნინოთ, მეორე ან მეათეხარისხოვანად მოვიხსენიოთ პროფესიული სასწავლებლები. მით უმეტეს, რომ ამ მხრივ წლიდან წლამდე უფრო მეტი ინტერესი არსებობს, უფრო მცირე პერიოდში ახალგაზრდებს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ეძლევათ გარკვეული პროფესია შეიძინონ“, – განაცხადა მინისტრმა.
გივი მიქანაძის განცხადებით, მთავრობა აქტიურად ავითარებს ქვეყნის პროფესიული მომზადების სისტემას და მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოებაში ფესვგადგმული შეხედულების შეცვლას, რომ უმაღლესი განათლება წარმატებისკენ მიმავალი ერთადერთი გზაა.
სახელმწიფო აძლიერებს პროფესიულ სექტორს და მიმართულებას, როგორც სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების - რომელთა რაოდენობაც ამჟამად არის 29, ასევე კერძოების.
მინისტრმა ამის მაგალითად პროფესიულ სასწავლებლებში დანერგილი ინტეგრირებული პროგრამები დაასახელა.
საქართველოში ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამა 2024 წელს 20 საპილოტე სკოლაში ამოქმედდა. დღეისთვის კი ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული პროგრამა 83 სკოლაშია დანერგილი. 2026/2027 სასწავლო წლიდან კი პროგრამაში კიდევ ექვსი სკოლა ჩაერთვება. ინტეგრირებული პროფესიული განათლების პროგრამა საშუალო სკოლის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, ძირითადი საგნები პროფესიული სწავლების პროგრამასთან გააერთიანონ.
პროფესიული განათლება საქართველოში დაყოფილია რამდენიმე დონედ და ეტაპად ეროვნული კვალიფიკაციის ჩარჩოს შესაბამისად, რომელიც ჰარმონიზებულია ევროპულ სტანდარტებთან: მესამე დონე არის საბაზისო კვალიფიკაცია, მეოთხე - პროფესიული კვალიფიკაცია და მეხუთე - უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია, რომელიც იძლევა უნივერსიტეტებში ჩაბარების უფლებას.
ყველა ახალი ამბავი
0