ბრძოლა ჰეპატიტთან: საქართველო მიღწეული პროგრესის საერთაშორისო აღიარებისთვის ემზადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliჯანდაცვის სამინისტრო
ჯანდაცვის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 13.09.2026
გამოწერა
განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.
თბილისი, 13 სექტემბერი — Sputnik. B და C ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეული შედეგები საერთაშორისო შეფასებისთვის მზად არის, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც C ჰეპატიტის მკურნალობა უახლესი თაობის მედიკამენტებით სრულიად უფასოა. სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს ამოქმედდა. ამ პროგრამით მკურნალობა 99%-ით ეფექტური იყო. B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა კი 2024 წელს დაიწყო - პაციენტებს უფასოდ შეუძლიათ სკრინინგისა და საჭირო კვლევების ჩატარება და აუცილებლობის შემთხვევაში მედიკამენტების უფასოდ მიღებაც.
უახლოეს დღეებში საქართველო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნულ ანგარიშს წარუდგენს, რომელიც ქვეყანაში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს ასახავს.
ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭოს წევრებმა ჯანმო-ში წარსადგენი ეროვნული ვალიდაციის ანგარიშის დასრულებული პროექტი ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძის ხელმძღვანელობით გამართული საბჭოს მეორე სხდომაზე განიხილეს - საბჭოს წევრებმა ერთხმად მიიღეს ვალიდაციის განაცხადის პროექტის წარმოდგენილი ვერსია.
„მომზადებული ანგარიში ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. საქართველო ემზადება ორივე მიმართულებით ვალიდაციის უმაღლესი - ოქროს დონის საერთაშორისო აღიარების მისაღებად“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად. ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება.
როგორც მინისტრმა სარჯველაძემ სხდომაზე აღინიშნა, ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მიმართულებით საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ქვეყნის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წარმატებას წარმოადგენს, რამაც საქართველო საერთაშორისო ლიდერებს შორის დააყენა.
„საქართველოს გააჩნია ყველა ძირითადი წინაპირობა, რომ გახდეს ერთ-ერთი პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიიღებს ვირუსული ჰეპატიტების ელიმინაციის მაღალი - ოქროს დონის (Gold Tier) საერთაშორისო აღიარებას:, -აღნიშულია ინფორმაციაში.
ჰეპატიტების ელიმინაციის ვალიდაციის ეროვნული საბჭო საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით შეიქმნა. საბჭო აერთიანებს სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, მთავრობის, პარლამენტის, ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს, სამედიცინო სფეროს, აკადემიური წრეების, საერთაშორისო და პარტნიორი ორგანიზაციების, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.
ბრძოლა ჰეპატიტთან
ბოლო მონაცემებით, ქრონიკული C ჰეპატიტის მქონე პაციენტების 88,5% დიაგნოსტირებულია, ხოლო დიაგნოსტირებული პაციენტების 87,1%-ს დაწყებული აქვს მკურნალობა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ სამიზნე მაჩვენებლებს აღემატება.
ამასთან, C ჰეპატიტის განკურნების მაჩვენებელი 99%-ს აღწევს. B ჰეპატიტის მიმართულებით კი საქართველომ ჯანმოს რეგიონული მიზნები უკვე შეასრულა – ბავშვებში დაავადების გავრცელება 0,03%-ს შეადგენს, ახალშობილთა დაბადებისას ვაქცინაციის მოცვამ 95,5%-ს, ხოლო სამდოზიანი ვაქცინაციის მოცვამ - 90,5%-ს მიაღწია.
C ჰეპატიტის მაღალი რისკის ჯგუფში შედიან ინექციური ნარკოტიკების მომხმარებლები, ისინი, ვინც ხშირად იტარებენ სისხლის გადასხმას ან სხვა სამედიცინო პროცედურებს და მათ, ვისაც აქვს ხშირი და დაუცველი სქესობრივი კავშირი.
ქრონიკული C ჰეპატიტი მთელ მსოფლიოში დაახლოებით 58 მილიონ ადამიანს აწუხებს, ყოველწლიურად დაახლოებით 1,5 მილიონი ახალი ინფექცია ხდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, 3,2 მილიონი ბავშვი და მოზარდი დაავადებულია ქრონიკული C ჰეპატიტით.
ჯანმო ითხოვს ვირუსული ჰეპატიტის ტესტირებისა და მკურნალობის გაზრდას და აფრთხილებს, რომ თუ ამჟამინდელი ტენდენციები შენარჩუნდება, 2040 წლისთვის ამ დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი სიკვდილი, ვიდრე მალარია, ტუბერკულოზი და აივ ერთად.
ყველა ახალი ამბავი
0