ბარამიძეს შეუძლია იმართლოს თავი და ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში: შარმანაშვილი

© photo: Sputnik / Stringerგია ბარამიძე აქციაზე
გია ბარამიძე აქციაზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.09.2026
გამოწერა
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში გიორგი ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. სამშობლოს ღალატსა და საბოტაჟში ბრალდებულ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, გიორგი ბარამიძეს შეუძლია დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა სასამართლოში, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა თენგიზ შარმანაშვილმა.
„ნაცმოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე 11 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალი წარედგინა „სამშობლოს ღალატის“ და „საბოტაჟის“ მუხლებით. როგორც გენერალური პროკურორის მოადგილემ განაცხადა, მიმდინარე წლის ივლისში იაგო ხვიჩიას საავტორო გადაცემაში – „საქართველოს დაბადება“, გიორგი ბარამიძემ განაცხადა, რომ 1992-1993 წლების აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის საწყის ეტაპზე, ქართული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს ტყვეები არ აჰყავდათ და მათ ადგილზე ხვრეტდნენ, რითაც საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ბრალი დასდო საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევასა და ომის მძიმე დანაშაულების ჩადენაში.
„ის წარდგება მართლმსაჯულების წინაშე და პასუხს აგებს იმისთვის, რაც გააკეთა, მართლმსაჯულების წინაშე, მას აქვს სრული უფლება იმართლოს თავი და ამტკიცოს მისი უდანაშაულობა სასამართლო პროცესზე“, - განაცადა თენგიზ შარმანაშვილმა.
მისი თქმით, ბარამიძის ეს განცხადება „იყო დიდი საფრთხის შემცველი, რომ საქართველოს წინააღმდეგ წაეყენებინათ ასეთი პრეტენზიები, რომ მასობრივად ხდებოდა სამხედრო დანაშაული“.
ოპოზიციაში გიორგი ბარამიძისადმი წაყენებულ ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.
„ის მთელი მისი შეგნებული ცხოვრების მანძილზე იბრძვის თავისუფალი, ძლიერი საქართველოსთვის. ის იბრძოდა იარაღით ხელში აფხაზეთში, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისთვის და ამის შემდეგ ის მუდმივად იბრძოდა პოლიტიკურად, მათ შორის მას აქვს განხორციელებული რეფორმები, რომლითაც შეიქმნა ძლიერი ქართული სახელმწიფო ინსტიტუციები. მისი მიზანი ყოველთვის იყო ქართული სახელმწიფოსთვის სასარგებლო საქმე“, - განაცადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბარამიძეს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
საქართველოს კანონმდებლობაში „სამშობლოს ღალატის“ მუხლი წარმოადგენს განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს სასჯელის კონკრეტული ვადის გარეშე. ის მუშაობს როგორც დამამძიმებელი გარემოება და ემატება ძირითად ბრალდებას (მაგალითად, ჯაშუშობას ან საბოტაჟს), თუ დანაშაულმა ეროვნული უსაფრთხოება დააზიანა. შედეგად, ბრალდებულს უსჯიან სასჯელს ძირითადი მუხლით, მაგრამ ოფიციალურად აღიარებულია საკუთარი ქვეყნის ინტერესების მოღალატედ.
გიორგი ბარამიძე
გიორგი ბარამიძე - მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ცნობილი ქართველი პოლიტიკოსი და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დიდი ხნის წევრია.
ბარამიძემ პოლიტიკური კარიერა 1990-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. ის არაერთხელ აირჩიეს საქართველოს პარლამენტში, ხოლო „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი სამთავრობო თანამდებობა ეკავა.
2003 წლიდან 2004 წლამდე ბარამიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ხოლო 2004 წელს თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა. შემდგომში იგი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ხოლო 2006 წლიდან 2012 წლამდე საქართველოს ვიცე-პრემიერის თანამდებობას იკავებდა.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ბარამიძემ პოლიტიკური საქმიანობა ოპოზიციაში განაგრძო. 2012 წლიდან 2016 წლამდე ის საქართველოს პარლამენტის წევრი და ვიცე-სპიკერი იყო.
ყველა ახალი ამბავი
0