სტუდენტის სტატუსი ID ბარათის QR კოდზე აისახება

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს იუსტიციის სამინისტრო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
სიახლის მიზანი სტუდენტებისთვის ყოველდღიური პროცესებისა და სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის გამარტივებაა.
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე (ID ბარათზე) დატანილი QR კოდის მეშვეობით სტუდენტის სტატუსის გადამოწმება უკვე შესაძლებელია. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ID ბარათზე დატანილ QR კოდზე სტუდენტის სტატუსის ასახვა უფასოა.
„სიახლის მიზანი სტუდენტებისთვის ყოველდღიური პროცესებისა და სხვადასხვა შეღავათით სარგებლობის გამარტივებაა. კერძოდ, QR კოდის დასკანერებისას სისტემაში მომენტალურად აისახება სტუდენტის აქტიური სტატუსი, რაც მათ საშუალებას მისცემს, მარტივად ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ფასდაკლებებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით:
საზოგადოებრივი და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრობისას;
მუზეუმებსა და ბოტანიკურ ბაღებში ვიზიტისას;
სხვა საჯარო თუ კერძო სექტორის მიერ შეთავაზებული სტუდენტური ტარიფებითა და სერვისებით.
განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. სააგენტო სტუდენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს ახალი დიზაინის პირადობის მოწმობაზე სტუდენტის სტატუსის დატანას QR კოდის მეშვეობით.
სტუდენტის სტატუსის დატანა შესაძლებელია როგორც ახალი პირადობის მოწმობის აღებისას, ასევე უკვე აღებულ, ახალი დიზაინის ID ბარათზე 5 სამუშაო დღის ვადაში სრულიად უფასოდ. აღნიშნული სერვისის მიღება შესაძლებელია 127-ვე იუსტიციის სახლში, ასევე მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობითაც.
ყველა ახალი ამბავი
0