საქართველომ პეკინში CIFTIS-ის გამოფენაზე ეროვნული პავილიონი წარადგინა

© MINISTRY OF ENVIRONMENTAL PROTECTION AND AGRICULTURE OF GEORGIAქართული პროდუქცია გამოფენაზე
ქართული პროდუქცია გამოფენაზე - Sputnik საქართველო, 1920, 11.09.2026
გამოწერა
ჩინეთის აუდიტორიას საქართველოს გაცნობა მის პირველ საერთაშორისო გამოფენა CIFTIS-ზე შეუძლია
თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. პეკინის გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პავილიონის დამთვალიერებლებს მიაწვდის ინფორმაციას ქვეყნის ეკონომიკის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, ტურიზმისა და რვა ათასი წლის ღვინის დაყენების ტრადიციის შესახებ.
მომსახურებით ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენას CIFTIS – 2026 პეკინში შოუგანის პარკში 9-13 სექტემბერს მიმდინარეობს.
წლევანდელი გამოფენის თემაა „გლობალური მომსახურებები, საერთო კეთილდღეობა“. ღონისძიებაში წარმოდგენილია 90 ქვეყანა, რეგიონი და საერთაშორისო ორგანიზაცია, ხოლო ადგილზე მონაწილეობას 1.800-ზე მეტი კომპანია იღებს.
საქართველო გამოფენაზე ეროვნული პავილიონით პირველადაა წარმოდგენილი.
საქართველოს პავილიონში ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, პეკინის ვიცე-მერს, თანგ ვენხუნგს უმასპინძლა, რომელმაც პავილიონში წარმოდგენილი ქართული ღვინო დააგემოვნა. პეკინის ვიცე-მერმა ინფორმაცია მიიღო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს თაობაზე.
საქართველოს ეროვნულ პავილიონთან მოსულ ვიზიტორებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის, მისი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს, აგრეთვე შუა დერეფანსა და სატრანსპორტო - ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ ეკოსისტემაზე, ტურისტულ ღირსშესანიშნაობებზე, ღვინის 8000 წლოვან წარმოებაზე, ასევე ქვეყნის საქონლისა და მომსახურების საექსპორტო შესაძლებლობებზე.
ვაჭრობის ჩინეთის საერთაშორისო გამოფენაში საქართველო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინვესტიციების სააგენტოს ორგანიზებით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით მონაწილეობს.
ეკონომიკის სამინისტროს განცადებით, CIFTIS-ში საქართველოს მონაწილეობა ხელს უწყობს ქვეყნის შესაძლებლობების გაცნობას ჩინური და საერთაშორისო აუდიტორიისთვის და ქმნის საფუძველს სავაჭრო, საინვესტიციო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
CIFTIS მომსახურებით ვაჭრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც სახელმწიფო უწყებებს, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს აერთიანებს.
საქართველომ და ჩინეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 9 ივნისს დაამყარეს. მას შემდეგ ორმხრივი ურთიერთობები ეტაპობრივად ვითარდებოდა და ძირითადად მიმართული იყო ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.
2023 წლის ივლისის ბოლოს საქართველომ და ჩინეთმა ორმხრივი ურთიერთობების ახალ დონეზე - სტრატეგიულ პარტნიორობაზე გადასვლის შესახებ განაცხადეს. ქვეყნებს შორის მოქმედებს პარტნიორობის შესახებ არაერთი შეთანხმება, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.
ყველა ახალი ამბავი
0