საქართველომ და სლოვაკეთმა განათლების სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი

გივი მიქანაძე და ტომაშ დრუკერი
გივი მიქანაძე და ტომაშ დრუკერი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოსა და სლოვაკეთის განათლების სამინისტროებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება განათლების სამინისტროს პრეს-სამსახური.
დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ და სლოვაკეთის განათლების, მეცნიერების, კვლევების, განვითარებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა ტომაშ დრუკერმა.
პარტნიორობის ფარგლებში მხარეები ხელს შეუწყობენ გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებებს შორის კავშირების გაღრმავებას, ასევე ახალგაზრდებისთვის ახალი საგანმანათლებლო შესაძლებლობების შექმნას.
შეხვედრის მსვლელობისას მინისტრებმა განიხილეს მემორანდუმით გათვალისწინებული ინიციატივების ეფექტური განხორციელების შემდგომი გეგმები და შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის შექმნაზე თანამშრომლობის კოორდინაციისთვის.
საქართველოს განათლების მინისტრმა სლოვაკ კოლეგას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებისა და განათლების ხარისხის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯების შესახებ, რომლებიც თანამედროვე მოთხოვნებზეა ორიენტირებული, და იგი საქართველოში მიიწვია.
თავის მხრივ, დრუკერმა ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტით 7 სექტემბერს გაემგზავრა. ის მონაწილეობას მიიღებს PISA 2026-ის რეგიონულ კონფერენციაში, სადაც ქართული განათლების სისტემის მიღწევებზე ისაუბრებს. ასევე, მიქანაძე შეხვედრებს გამართავს უკრაინის, თურქეთის, ხორვატიისა და ყირგიზეთის განათლების მინისტრებთან.
საქართველომ და სლოვაკეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის იანვარში დაამყარეს. ქვეყნებმა გააფორმეს ხუთი ხელშეკრულება და რამდენიმე უწყებათაშორისი შეთანხმება. საქართველოს საელჩო სლოვაკეთში 2006 წელს გაიხსნა, ხოლო სლოვაკეთის საელჩო საქართველოში - 2014 წელს.
2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სლოვაკეთის საპატიო საკონსულოს გახსნა ქუთაისში. საპატიო საკონსულო აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებს დაფარავს.
ყველა ახალი ამბავი
0