IMO-ს გენმდივანი: გლობალური კადრების დეფიციტს საქართველო 20 ათას მეზღვაურით დაფარავს

არსენიო დომინგესი
არსენიო დომინგესი - Sputnik საქართველო, 1920, 08.09.2026
გამოწერა
საქართველო შეძლებს შეავსოს კადრების გლობალური დეფიციტი და ერთმანეთს დააკავშიროს დასავლეთი და აღმოსავლეთი
თბილისი, 8 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს შეუძლია დაფაროს საზღვაო სექტორში კადრების გლობალური დეფიციტის ნახევარი - 20 ათასი მეზღვაურის უზრუნველყოფით, განაცხადა საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) გენერალურმა მდივანმა არსენიო დომინგესმა ბათუმის საერთაშორისო საზღვაო ფორუმზე.
ბათუმმა 7–8 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს GIMF-2026 უმასპინძლა, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდა. ფორუმის მთავარი თემები იყო საქართველოს როლი „შუა დერეფანში" და ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.
„მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში 40 ათასი კვალიფიციური მეზღვაურის დეფიციტი გვექნება და ეს მიმართულება საქართველოს მხრიდან 20 ათასი მეზღვაურის მიწოდებით გაიზრდება მსოფლიო მასშტაბით", - განაცხადა დომინგესმა.
დომინგესმა ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა საერთაშორისო საზღვაო სექტორში გლობალურად მნიშვნელოვან მიმართულებებზე, საზღვაო მართვის საკვანძო საკითხებსა და გამოწვევებზე, ამასთან, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო გეოპოლიტიკურ ვითარებას სხვადასხვა რეგიონში.
IMO-ს გენმდივანმა მადლობა გადაუხადა საქართველოს ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც მეათე წელია ზედიზედ უკვე იმართება. მან მაღალი შეფასება მისცა ქვეყნის მრავალწლიან გამოცდილებას ახალგაზრდების საზღვაო პროფესიაში მოზიდვის კუთხით და წარმატებულ პარტნიორობას როგორც უშუალოდ ორგანიზაციასთან, ისე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე.
„ეს გახლავთ მე-10 წელი, რაც ეს ფორუმი ტარდება, და თქვენ გაგვიზიარეთ გამოცდილება იმის თვალსაზრისით, თუ ყოველ წელს როგორ რთავთ ახალგაზრდა, ნიჭიერ ხალხს მეზღვაურთა საქმიანობაში და ინარჩუნებთ არა მხოლოდ კარგ ურთიერთობებს მსოფლიო საზღვაო ორგანიზაციასთან, არამედ ყველა რეგიონულ პარტნიორთან და ასევე მათ მიღმა“, - განაცხადა გენმდივანმა.
მისი თქმით, საქართველო არის არა მხოლოდ საზღვაო ქვეყანა, არამედ სახელმწიფო, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ადამიანურ ფაქტორს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბარი მეზღვაურებს ეხება.
როგორც დომინგესმა აღნიშნა, საქართველო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრია 1993 წლიდან და მას შემდეგ აქტიურად მონაწილეობს მის მუშაობაში. მან განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე „შუა დერეფნის" განვითარების პროცესში, „ამ ხიდის შექმნაში დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის".
„ჩვენ ვიდეორგოლში ვიხილეთ, რომ 7 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება პორტსა და ინფრასტრუქტურაში. ის ფაქტი, რომ 20%-ზე მეტად იზრდება ტვირთების დამუშავება, უკვე მიმდინარე წელს აღინიშნა ეს ზრდა, როდესაც მსოფლიოში პრობლემებია, ეს საშუალებას გვაძლევს დავინახოთ, რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებს დაკავშირებადობა მულტიმოდალურ ტრანსპორტირებაში საქართველოდან და რეგიონიდან, სადაც გადაზიდვა ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა IMO-ს გენერალურმა მდივანმა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0