ვნებები საქართველოს მომავალი პრემიერის ირგვლივ

© courtesy of Nikoloz Mjavanadzeირაკლი კობახიძე
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
„ქართული ოცნების“ წევრები მიიჩნევენ, რომ მოქმედი პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის შესახებ სპეკულაციები ოპოზიციის ფანტაზიის ნაყოფია.
თბილისი, 7 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში აქტიურად ვრცელდება ხმები პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესაძლო გადადგომისა და მისი აჭარის მთავრობის მეთაურით, ზურაბ პატარიძით ჩანაცვლების შესახებ.
ამ ინფორმაციის ოფიციალური დადასტურება არ არსებობს. თავად კობახიძემ მისი შესაძლო გადადგომის შესახებ საკითხს „უბრალო ჩორტაობა“ უწოდა და აღნიშნა, რომ მსგავსი კითხვები შესაშური სიხშირით ჩნდება.
„3 თვეში ერთხელ ისმევა ხოლმე ეს კითხვა, ველოდები, რომ 3 თვეში კიდევ ერთხელ დამისვამთ ამ კითხვას", - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მთავრობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ ხმები მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ და მსჯავრდებული ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის წერილების ფონზე გააქტიურდა. ღარიბაშვილი თავის მიმართვებში მკაცრად აკრიტიკებდა კობახიძესა და მდინარაძეს.
ამ ფონზე, ქართულ მედიაში გაჩნდა ვარაუდები შესაძლო შემდგომი გადაადგილებების, მათ შორის პატარიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაწინაურების შესახებ. თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადებები არ გაკეთებულა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მოსალოდნელი საკადრო ცვლილებების შესახებ ინფორმაციას უარყოფენ.

„ერთადერთი ინფორმაცია, რაც მე მაქვს, არის ის, რომ არაფერი იცვლება, სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით არანაირი განხილვა და გეგმები არ არსებობს. ეს არის მორიგი ჭორი, რომელიც გარკვეული პერიოდულობით ვრცელდება“, – განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ლევან მახაშვილმა.

მახაშვილის კოლეგამ, არჩილ გორდულაძემ მთავრობაში შესაძლო გადაადგილებების შესახებ საუბარს ოპოზიციის სურვილი უწოდა და აღნიშნა, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ცხოვრობს არარეალურ სამყაროში, რომლის თავს მოხვევასაც საქართველოს მოსახლეობისთვის ცდილობს.
„ქართული ოცნების“ გენმდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ ასევე მხარი დაუჭირა მოქმედ პრემიერს. მან უარი თქვა შესაძლო გადადგომის ირგვლივ არსებული ჭორებისა და სპეკულაციების კომენტირებაზე და ხაზგასმით აღნიშნა, რომ კობახიძეს პატიოსან და პროფესიონალ ხელმძღვანელად მიიჩნევს. მერმა მთავრობის მეთაურს წარმატებები უსურვა და საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დახმარებისა და მხარდაჭერის გაწევისთვის მზადყოფნა გამოხატა.
ვინ არის ირაკლი კობახიძე?
ირაკლი კობახიძე 47 წლისაა. 2021 წლის იანვრიდან პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარეა. მანამდე კი მმართველი გუნდის აღმასრულებელი მდივნის პოსტი ეკავა.
2016-2019 წლებში იგი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე - აღნიშნული თანამდებობა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სკანდალის შემდეგ დატოვა. 2020 წელს კობახიძე იყო მმართველი პარტიის საარჩევნო შტაბის უფროსი.
კობახიძე განათლებით იურისტია. „ქართულ ოცნებაში“ მოსვლამდე მუშაობდა გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით განხორციელებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის პროექტის მენეჯერად.
იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს" ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის პროგრამის ექსპერტთა კომიტეტის წევრი, საქართველოში ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ოფისში ექსპერტი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, გაეროს განვითარების პროგრამის ადგილობრივი თვითმმართველობის და რეგიონული განვითარების პროექტების ექსპერტი და მენეჯერი.
ყველა ახალი ამბავი
0