მინისტრი: საზღვაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობამ ათწლეულის რეკორდულ მაქსიმუმს მიაღწია

© Ministry of Economy and Sustainable Development of Georgiaმარიამ ქვრივიშვილი
მარიამ ქვრივიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.09.2026
გამოწერა
ქვრივიშვილის თქმით, თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გაწეულმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები
ТБИЛИСИ, 7 сен — Sputnik. 2026 წლის რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13,7 მლნ ტონა ტვირთი გადამუშავდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე.
მინისტრის თქმით, თქმით, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით გაწეულმა ძალისხმევამ უკვე გამოიღო კონკრეტული შედეგები, რაც რეკორდულ მაჩვენებლებში აისახა.
„წინასწარი მონაცემებით, 2026 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოს საზღვაო ნავსადგურებსა და ტერმინალებში 13.7 მილიონი ტონა ტვირთი გადამუშავდა, 24%-ით მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში - ეს ბოლო ათწლეულის რეკორდული მაჩვენებელია", - განაცხადა ქვრივიშვილმა.
როგორც ქვრივიშვილმა აღნიშნა, რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საქართველოს რკინიგზაშიც - ტვირთბრუნვა 11%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ავიაგადაზიდვებს, ზრდამ 30%-ს მიაღწია.
გარდა ამისა, მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგიული 10-წლიანი გეგმა ქვეყნის სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ქსელის მოდერნიზაციისთვის. აღნიშნული გრძელვადიანი პროგრამის მთავარი მიზანია 2036 წლისთვის საზღვაო პორტებისა და რკინიგზის გამტარუნარიანობის გაორმაგება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, ამ ხედვის შესაბამისად, საქართველოს მთავრობა უკვე ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო დერეფნის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად. ქვრივიშვილმა ხაზი გაუსვა როგორც რკინიგზის, ისე საზღვაო ინფრასტრუქტურის პროექტებს.
რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი 2025 წელს დასრულდა და მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება დაიწყო.
„გასულ წელს დასრულდა რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტი, დაიწყო მოძრავი შემადგენლობის მასშტაბური განახლება. მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ქვეყნის გადაკვეთის დროის განახევრების მიმართულებით. ამასთან, სასაზღვრო პროცედურების დრო დაახლოებით 7,5-ჯერ შემცირდა, ხოლო საზღვაო სფეროში „ერთი ფანჯრის" სისტემის დანერგვით ნავსადგურებში გემების მომსახურების დრო 24 საათიდან 1 საათამდე შემცირდა“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.
ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ღონისძიება საერთაშორისო ვაჭრობისა და სატრანსპორტო კავშირების მნიშვნელოვანი ცვლილებების ფონზე მიმდინარეობს და აღნიშნა, რომ გეოპოლიტიკური გამოწვევები ზრდის ალტერნატიული და საიმედო სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობას.
მინისტრის თქმით, ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საზღვაო ტრანსპორტს, რომელიც გლობალური ვაჭრობის 80%-ზე მეტს შეადგენს. ასევე, გლობალური ცვლილებების ფონზე, იზრდება საერთაშორისო ინტერესი „შუა დერეფნის" მიმართ. საქართველოსთვის ეს არის შესანიშნავი შანსი, გააძლიეროს თავისი პოზიცია, როგორც მთავარმა ხიდმა ევროპასა და აზიას შორის, მაგრამ ამავე დროს ეს არის დიდი პასუხისმგებლობაც, რაც მოითხოვს ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სერვისის ხარისხის ამაღლებას.
ბათუმი 7–8 სექტემბერს საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმს GIMF-2026 მასპინძლობს, რომელიც პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ტარდება. ფორუმის მთავარი თემებია საქართველოს როლი „შუა დერეფანში" და ქვეყანაზე გამავალი სატრანზიტო-სატრანსპორტო მარშრუტების მნიშვნელობა.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა „შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოჯისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0