პარტნიორობა, ტურიზმი და ინვესტიციები: თბილისის მერი ისრაელის დელეგაციას შეხვდა

© Courtesy of Tbilisi City Hall კახა კალაძე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილა
კახა კალაძე და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილა - Sputnik საქართველო, 1920, 05.09.2026
გამოწერა
თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც განსაკუთრებული ისტორიული და კულტურული კავშირები გააჩნიათ
თბილისი, 5 სექტემბერი - Sputnik. საქართველომ და ისრაელმა 26-საუკუნოვანი მეგობრობის გაღრმავების პერსპექტივები, ისრაელელი ტურისტების უსაფრთხოება და საქართველოში ინვესტიციების დაცულობა განიხილეს, იტყობინება თბილისის მერიის პრესსამსახური.
თბილისის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ვიზიტით მყოფ ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიშელ ბუსკილასთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ვალიდ აბუ ჰაია დაესწრო.
„ძალიან ვუფრთხილდებით და ვაფასებთ ჩვენი მეგობრობის 26-საუკუნოვან ისტორიას. როგორც საუკუნეების წინ, დღესაც ქართველი და ებრაელი ხალხის მეგობრობა არის განსაკუთრებული“, - განაცხადა კალაძემ.
მხარეებმა საქართველოს და ისრაელს შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს. ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ თბილისი და იერუსალიმი დაძმობილებული ქალაქებია, რომლებსაც აქვთ განსაკუთრებული ისტორიულ-კულტურული კავშირები და გამოითქვა იმედი, რომ თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო გახდება.
„ჩვენ მზად ვართ პარტნიორიბისთვის, საქართველომ არაერთხელ დაამტკიცა საქმით, რომ არის სანდო პარტნიორი. ყურადღებით ვაკვირდებით აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს და მივესალმებით მშვიდობისკენ გადადგმულ თითოეულ ნაბიჯს თუ ძალისხმევას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კალაძის თქმით, საქართველოც რთულ რეგიონში მდებარეობს, ამიტომ მთავრობის მთავარი ამოცანა არის საქართველოს ინტერესების განუხრელი დაცვა, რათა ქვეყანა არ გახდეს დიდი ქვეყნების ინტერესების სამიზნე.
„მიხარია, რომ სტუმრობთ ჩვენს დედაქალაქს და ვისურვებდი ახლო მომავალში ოჯახთან ერთად ესტუმროთ თბილისს“, - განაცხადა კალაძემ.
თავის მხრივ, მიშელ ბუსკილამ აღნიშნა, რომ ისრაელი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიესალმება საქართველოს განმტკიცებისა და განვითარებისკენ გადადგმულ ნაბიჯებს.
„მსურს, თქვენამდე მოვიტანოთ ჩვენი ქვეყნის, პრემიერ-მინისტრის გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო განვითარდება“, - განაცხადა ბუსკილამ.
ბუსკილამ აღნიშნა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხს შორის ჯანსაღი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები არსებობს. მან ხაზი გაუსვა, რომ ისრაელის მოქალაქეებს ძალიან მოსწონთ საქართველო, ირჩევენ მას ტურისტული ვიზიტებისთვის და აქ თავს დაცულად გრძნობენ.
ასევე, მისი თქმით, ისრაელის მხრიდან დიდია ინტერესი ინვესტიციების განხორციელების კუთხით, რადგან საქართველოში ინვესტირება მარტივია და ბიზნესი არის დაცული.
საქართველომ და ისრაელმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 1 ივნისს დაამყარეს. ქვეყნები აწარმოებენ მუდმივ პოლიტიკურ დიალოგს, თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის, განათლების, ტურიზმის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0