ავტოპასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა: მთავრობა პარლამენტს კანონპროექტს წარუდგენს

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი
ტრანსპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 03.09.2026
გამოწერა
მესამე პირის დაზღვევა - ავტომფლობელის მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევა პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში სავალდებულოა.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ავტომფლობელთა მესამე პირის პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი მთავრობამ პარლამენტს განსახილველად, შესაძლოა, 2026 წლის საშემოდგომო სესიაზე წარუდგინოს, შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა შეტანილია მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიან გეგმაში, იუწყება მედიაპლატფორმა BMG.
ახალი სადაზღვევო წესების შემოღება, რომელიც ავტომობილის დაზღვევას უფრო მოსახერხებელს გახდის, ბოლო რამდენიმე წელია განიხილება. დღეისთვის ავტომობილების დაზღვევა მხოლოდ საქართველოში შემოსული უცხოელებისთვისაა სავალდებულო, საქართველოს მოქალაქეებისთვის დაზღვევა ნებაყოფლობითია.
აღსანიშნავია, რომ მესამე პირის სავალდებულო დაზღვევის შემოღების საკითხზე კანონპროექტი მთავრობის მიერ საგაზაფხულო სესიისთვის მომზადებულ გეგმაშიც იყო, თუმცა საკანონმდებლო ორგანოში არ წარდგენილა.
საქართველოში დინამიკურად მზარდი ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობის ფონზე, შესამჩნევად იზრდება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები. ყოველწლიურად, საქართველოს გზებზე ფიქსირდება ასობით ადამიანის გარდაცვალებისა და ათასობით ადამიანის სერიოზული დაშავების ფაქტი. საგზაო–სატრანსპორტო შემთხვევების მონაწილეები სოციალურად და ეკონომიკურად ყველაზე აქტიური მოქალაქეები არიან, მათგან ბევრი ახალგაზრდაა, ბევრი დაუცველი – ბავშვები, მოხუცები. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევები ხშირად სამუდამო ტრავმებით/დაზიანებებით, აქტიური მუშაობის შეწყვეტითა და მაღალი ხარჯებით სრულდება არა მარტო მსხვერპლისთვის, არამედ მათი ოჯახებისთვის, ზიანის მიმყენებელი პირისთვის, რომლისთვისაც მძიმე ტვირთია ასეთი ხარჯების გაწევა, ასევე, ფართო საზოგადოებისთვის, დამსაქმებლისა და ჯანდაცვის სისტემისთვის.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებით გამოწვეულ მაღალ ხარჯებთან გამკლავების პრობლემა მოითხოვს სისტემურ გადაწყვეტას, რაც ათწლეულების კვლევისა და მრავალი ქვეყნის გამოცდილების გათვალისწინებით, შესაძლებელია განხორციელდეს ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის სისტემის დანერგვის გზით.
საკანონმდებლო რეგულაციის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ყველა ავტომობილის მფლობელი ვალდებული იქნება, შეიძინოს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობის სადაზღვევო პოლისი. შესაბამისად, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მფლობელებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მესამე პირისთვის ქონების, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზიანების დაზღვევას ავალდებულებს.
კერძოდ, ამ კანონით მზღვეველი ვალდებული იქნება აანაზღაუროს მატერიალური ზიანი, რომელიც დაეკისრება ავტომანქანის მფლობელს ან მძღოლს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისას ან მისი მონაწილეობით დაზარალებულის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებულ ზიანზე.
მესამე პირისთვის მიყენებული ზარალი ანაზღაურდება დაზღვევის პოლისის საფუძველზე.
ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომლის შესრულების ვალდებულებაც საქართველოს ჯერ კიდევ 2020 წლისთვის ჰქონდა.
ყველა ახალი ამბავი
0