სუს-ი: ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე საველე-პრაქტიკული სწავლება ჩატარდა

© photo: Sputnikსუს-ის შენობა
სუს-ის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
სწავლების შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები.
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. ბათუმში ქიმიურ და ბიოლოგიურ საფრთხეებზე რეაგირების უწყებათაშორისი საველე-პრაქტიკული სწავლება NEXUS Georgia 2026 ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების (სუსი) სამსახური ავრცელებს.
უწყების ცნობით, სწავლება სუს-ისა და აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) თანამშრომლობით ჩატარდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) უსაფრთხოების სფეროზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, შინაგან საქმეთა, თავდაცვის, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროების შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლებმა.
„სწავლების ფარგლებში მონაწილე უწყებებს შესაძლებლობა ჰქონდათ რეალურ გარემოში ემუშავათ სამი სხვადასხვა სცენარით განვითარებულ ქიმიურ და ბიოლოგიურ ინციდენტებზე, პრაქტიკაში გამოეცადათ არსებული სტანდარტული სამოქმედო პროცედურები და გამოევლინათ კონკრეტული ხარვეზები ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის პროცესში“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, საველე-პრაქტიკული სწავლების შედეგად იდენტიფიცირებული გამოწვევების აღმოფხვრის მიზნით შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები და ინიცირებული იქნება ახალი პროექტები და სწავლებები პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერით.
მიმდინარე წლის 8 სექტემბერს მცხეთაში ჩატარდება კიდევ ერთი სიმულაციური სწავლება, რომელიც მოიცავს მასობრივი თავშეყრის ადგილებში ქიმიურ და ფეთქებად ნივთიერებებზე რეაგირების პრაქტიკულ მომზადებას.
უწყების განცხადებით, სუს-ს აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან მრავალწლიანი და წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. DTRA მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევს საქართველოს უსაფრთხოების სექტორის განვითარებისა და მდგრადობის ამაღლების, მათ შორის, ქბრბ (ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული) საფრთხეების პრევენციისა და მათზე რეაგირების შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებით.
აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად ქართულმა სპეცსამსახურებმა მნიშვნელოვნად გაზარდეს პროფესიული კვალიფიკაცია. შესაბამისად აღჭურვილნი წარმატებით მოქმედებენ ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული უშიშროების, განაღმვისა და მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის სფეროებში.
ყველა ახალი ამბავი
0