არასრულწლოვნებს ელექტროსკუტერებით სარგებლობაზე, შესაძლოა, შეზღუდვები დაუწესდეთ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliელექტროსკუტერი
ელექტროსკუტერი - Sputnik საქართველო, 1920, 02.09.2026
გამოწერა
თბილისი, 2 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა არასრულწლოვანი პირების მიერ ელექტროსკუტერების (ე.წ. სქროლის) გამოყენების სამართლებრივ რეგულირებას გეგმავს, შესაბამისი ინიციატივა შეტანილია 2026 წლის საშემოდგომო სესიისთვის გათვალისწინებული მთავრობის მოკლევადიანი კანონშემოქმედებითი საქმიანობის გეგმაში.
დოკუმენტის თანახმად, ცვლილება უნდა შევიდეს „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში - გეგმის თანახმად, მთავრობა აპირებს კანონპროექტის შემუშავებას და პარლამენტში წარდგენას, რომლის მიზანიც ე.წ.სქროლების გამოყენებასთან დაკავშირებული რისკების შემცირება, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა დაცვა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებაა.
„ბოლო პერიოდში საგზაო მოძრაობაში ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავების აქტიურმა გამოყენებამ გამოავლინა მათი უსაფრთხო გამოყენებისა და საგზაო მოძრაობის წესების დაცვასთან დაკავშირებული პრობლემები. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს არასრულწლოვანთა მიერ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების გამოყენების საკითხიც, რაც მოქმედი სამართლებრივი რეგულირების შემდგომი დახვეწის საჭიროებას განაპირობებს", - ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
გავრცელებული ინფორმაციით, კანონპროექტით განისაზღვრება კონკრეტული სამართლებრივი ჩარჩო არასრულწლოვნებისთვის — სავარაუდოდ, დაწესდება ასაკობრივი ზღვარი, სკუტერის მართვის უფლების პირობები ან/და კონკრეტული სივრცეები (მაგალითად, ტროტუარებზე გადაადგილების აკრძალვა ან რეგულირება), სადაც მოზარდებს ამ ტრანსპორტით სარგებლობა შეეძლებათ.
კანონპროექტის ზუსტი ფორმულირება და კონკრეტული სანქციები/ასაკობრივი ბარიერები ცნობილი გახდება მას შემდეგ, რაც მთავრობა დოკუმენტს განსახილველად პარლამენტში ოფიციალურად წარადგენს
მედიაპლატფორმა BMG-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შსს-მა ელექტროსკუტერების მონაწილეობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობის აღრიცხვა 2025 წლიდან დაიწყო. გასულ წელს სულ აღირიცხა 106 შემთხვევა, რომელთა შედეგადაც 109 ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა. 2026 წლის იანვარ-ივნისის სტატისტიკის მიხედვით კი სულ აღირიცხა 28 ავტოსაგზაო შემთხვევა სკუტერის მონაწილეობით, რომელთა შედეგადაც 33 ადამიანი დაშავდა, 2 კი დაიღუპა.
ყველა ახალი ამბავი
0