1-ელი სექტემბრიდან პირველკლასელთა სასკოლო ფორმების გაყიდვა დაიწყო

სასკოლო ფორმა
სასკოლო ფორმა - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
მთელი ქვეყნის მასშტაბით, ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული.
თბილისი, 1 სექტემბერი - Sputnik. 1-ელი სექტემბრიდან საქართველოს საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი ოფიციალურად დაიწყო.
ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში, 2026-2027 სასწავლო წლიდან საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის, I–VI კლასებში სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
საქართველოს განათლების სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემისა და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა, რომლის თანახმადაც სასკოლო ფორმების შეძენა შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით.

პირველკლასელთა სასკოლო ფორმის შეძენა 2026 წლის 1-14 სექტემბრის პერიოდში იქნება შესაძლებელი - მთელი ქვეყნის მასშტაბით ფორმების რეალიზაციის 83 პუნქტია განთავსებული. პირველკლასელების მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის formebi.emis.ge -ს საშუალებით ექნებათ. კონკრეტული ბანკის ბარათით შეძენის შემთხვევაში კი იქნება შეღავათები. მათ, ვინც პირველკლასელთა ფორმების შეძენას 14 სექტემბრამდე ვერ მოასწრებს ან დამატებითი ერთეულის შეძენის სურვილი ექნება, 15 სექტემბრიდან მათი ყიდვა მხოლოდ ონლაინ formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.

როგორც განათლების სამინისტროში განაცხადეს, ელექტრონული პლატფორმა მოსწავლის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს საშუალებას მისცემს, შეიძინოს სასკოლო ფორმა ონლაინ და მიიღოს შეკვეთა სახლიდან გაუსვლელად, მითითებულ მისამართზე. გზავნილის კონკრეტულ მისამართზე მიტანას და მომხმარებლისთვის ჩაბარებას საქართველოს ფოსტა უზრუნველყოფს.
„სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს", - განაცხადეს უწყებაში.
სასკოლო ფორმების ონლაინ პლატფორმის გამართულად ფუნქციონირებასა და მართვას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS) უზრუნველყოფს.
სასკოლო ფორმის სრული კომპლექტის - ბიჭებისთვის პიჯაკისა და ორი წყვილი შარვლის, ხოლო გოგონებისთვის პიჯაკის, შარვლისა და ქვედაბოლოს - ფასი წინასწარ არის დადგენილი და 95 ლარი ეღირება. დამატებითი შარვლის ან ქვედაბოლოს ფასი 25 ლარია, ხოლო ქურთუკის - 45 ლარი.
საქართველოში სასკოლო ფორმა ლურჯი ფერის იქნება (პიჯაკი და შარვალი — ბიჭებისთვის, პიჯაკი და ქვედაბოლო ან შარვალი — გოგონებისთვის). ამასთან, ქვედაბოლოს არჩევა შესაძლებელი იქნება როგორც მოკლე, ისე გრძელი.
სასკოლო ფორმებს მოსწავლეების 6 კატეგორია უფასოდ მიიღებს:
მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65001 ქულაზე ნაკლებია;
მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;.
მოსწავლეები, რომლებიც განთავსებული არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
მოსწავლეები, რომლებიც ჩართული არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში;
მოსწავლეები, რომლებიც განთავსებული არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად, ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის პროცესს სამინისტროს მიერ დაფუძნებული შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ მართავს, რომელიც პასუხისმგებელია ფორმების დამზადებაზე, შეძენაზე, დასაწყობებასა და გავრცელებაზე.
ყველა ახალი ამბავი
0