GIMF 2026: ბათუმი საერთაშორისო საზღვაო ფორუმს უმასპინძლებს

© FB / Georgia International Maritime Forum - GIMFსაერთაშორისო საზღვაო ფორუმი
საერთაშორისო საზღვაო ფორუმი  - Sputnik საქართველო, 1920, 01.09.2026
გამოწერა
თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. 7–8 სექტემბერს ბათუმში საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი (GIMF 2026) გაიმართება, განაცხადა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა ივანე აბაშიძემ.
GIMF 2026 საერთაშორისო მნიშვნელობის ღონისძიებაა, რომელიც საქართველოს საზღვაო ქვეყნის სტატუსის განმტკიცებას, „შუა დერეფნის" განვითარების პოტენციალის წარმოჩენასა და რეგიონული სატრანსპორტო კავშირების გლობალურ დონეზე გაძლიერებას ისახავს მიზნად.
აბაშიძის თქმით, ფორუმის ძირითადი აქცენტები იქნება საქართველოს როლი „შუა დერეფანში" და საქართველოზე გამავალი სატრანზიტო და სატრანსპორტო დერეფნების მნიშვნელობა.
„ხაზგასმული იქნება ის მულტიმოდალური კონტექსტი, რომელიც საქართველოს გააჩნია და ზოგადად, საქართველოს როლი საერთაშორისო საზღვაო ინდუსტრიაში, საქართველოს ნავსადგურების, საქართველოს საზღვაო დროშის როლი. რა თქმა უნდა, ხაზს გავუსვამთ საქართველოს მეზღვაურების როლს საქართველოს საზღვაო სექტორის განვითარებაში“ - აღნიშნა აბაშიძემ.
მისი თქმით, ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით ჩატარდება და ღონისძიებას 40-მდე ქვეყნის 400-მდე დელეგატი დაესწრება.
GIMF 2026-ში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნების მინისტრები და მაღალი რანგის თანამდებობის პირები, მათ შორის, საზღვაო ადმინისტრაციების ხელმძღვანელები, აგრეთვე სატრანსპორტო - ლოგისტიკური პროფილის საერთაშორისო ორგანიზაციების გენერალური მდივნები, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების, კერძო სექტორისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს ლიდერ როლს შუა დერეფანში და საქართველოს აყალიბებს შავ ზღვაზე იმ ძირითად კარიბჭედ, რომელიც, რა თქმა უნდა, აკავშირებს აზიას და ევროპას ვაჭრობის და სატრანზიტო დერეფნის თვალსაზრისით“ - განაცხადა აბაშიძემ.
საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმი 2016 წლიდან იმართება. წელს ფორუმზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ისეთ პრიორიტეტულ მიმართულებებს, როგორიცაა "შუა დერეფნის" განვითარების შესაძლებლობები, რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური დაკავშირებადობა, ინოვაციები, მდგრადი საზღვაო ტრანსპორტი, საჯარო-კერძო პარტნიორობის გაძლიერება და სხვ.
„შუა დერეფანი"
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი, ანუ „შუა დერეფანი", 2014 წლის თებერვალში აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში მოღვაწე წამყვანი საწარმოების მონაწილეობით შეიქმნა.
მარშრუტი ამჟამად გადის ჩინეთ-ყაზახეთის საზღვრიდან ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით ევროპაში.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით "შუა დერეფნის" პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
საქართველო „შუა დერეფანს" 2022 წელს შეუერთდა. საქართველოს დერეფანში სატრანზიტო გზის ნაწილად ჩართვის ინიციატორი თურქეთი იყო.
საქართველოს სატრანზიტო როლი განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ეკონომიკის განვითარებაზე – ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან არსებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებების გათვალისწინებით. საქართველოს როლის გასაძლიერებლად ამჟამად მიმდინარეობს აღმოსავლეთი–დასავლეთის ავტომაგისტრალის ნაწილის მშენებლობის ფართომასშტაბიანი პროექტი, რომელიც აზიასა და ევროპას საქართველოს გავლით აკავშირებს, ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა.
ყველა ახალი ამბავი
0