საქართველომ ჩინეთის მთავარ ტურისტულ პორტალზე საკუთარი გვერდი გახსნა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები თბილისობაზე. 2023 წელი
ტურისტები თბილისობაზე. 2023 წელი - Sputnik საქართველო, 1920, 29.08.2026
გამოწერა
კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის ბაზარზე საქართველოსი, როგორც ტურისტული მიმართულების პოპულარობის გაზრდა.
თბილისი, 29 აგვისტო - Sputnik. საქართველომ ჩინეთის უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე, Ctrip-ზე, ოფიციალური ტურისტული გვერდი გახსნა, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ.
Ctrip პოპულარული ტურისტული პლატფორმაა, რომელიც Trip.com Group-ს ეკუთვნის. სამინისტროს ცნობით, ჩინურ პლატფორმაზე საქართველოს გამოჩენა ჩინეთიდან მეტი მოგზაურის მოზიდვას და აზიურ ტურისტულ ბაზარზე საქართველოს პოზიციების განმტკიცებას ისახავს მიზნად.
„კერძოდ, Ctrip-ზე ამოქმედდა საქართველოს გვერდი, რომლის მეშვეობითაც პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ საქართველოს ტურისტულ მიმართულებებსა და პროდუქტებს, ამავე სივრციდან განახორციელონ ფრენების, სასტუმროებისა და სხვა ტურისტული სერვისების მოძიება/შეძენა“, - ნათქვამია განცხადებაში.
ჩინელი ტურისტების მოზიდვასთან დაკავშირებული სიახლის შესახებ ცნობილი გახდა შეხვედრის შემდეგ , რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მსხვილი ტექნოლოგიური ჯგუფის Trip.com Group-ის ვიცე-პრეზიდენტი, ედისონ ჩენი.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ტურისტულ შესაძლებლობებზე იმსჯელეს.
მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ჩინეთზე, როგორც სტრატეგიულ ტურისტულ მიმართულებაზე და აქცენტი გააკეთა როგორც მიზნობრივ მარკეტინგულ კამპანიებზე, ასევე ორ ქვეყანას შორის მეტი ახალი პირდაპირი რეისის ამოქმედებაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ კამპანიის მთავარი მიზანია ჩინეთის ბაზარზე საქართველოს, როგორც ტურისტული მიმართულების ცნობადობის გაზრდა, პოტენციური მოგზაურების დაინტერესება და საბოლოოდ, საქართველოში მოგზაურობისა და ჯავშნების სტიმულირება. კამპანია 2026 წლის ბოლომდე გაგრძელდება.
ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2026 წლის ორი კვარტლის მონაცემებით, საქართველოში ჩინეთიდან 54.554 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 16,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. მეორე კვარტალში კი ზრდამ 3,2% შეადგინა. 2025 წლის განმავლობაში, ჩინეთიდან საქართველოში განხორციელდა 127.895 ვიზიტი, რაც 44%-იან ზრდას წარმოადგენს 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ყველა ახალი ამბავი
0