თელავის და მესტიის აეროპორტების ახალი ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა

© Courtesy of Mestia Airportახალი ტერმინალის პროექტი მესტიის აეროპორტში
ახალი ტერმინალის პროექტი მესტიის აეროპორტში - Sputnik საქართველო, 1920, 28.08.2026
გამოწერა
თითოეული ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
თბილისი, 28 აგვისტო - Sputnik. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ მესტიის და თელავის აეროპორტებში ახალი სამგზავრო ტერმინალების მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.
თითოეული ახალი ტერმინალი წელიწადში დაახლოებით 50 ათასი მგზავრის მომსახურებაზე იქნება გათვლილი.
აეროპორტების გაერთიანების ცნობით, მესტიის აეროპორტის მოქმედი ტერმინალი მცირე ზომისაა და გაზრდილი მგზავრთნაკადის პირობებში არსებულ მოთხოვნას სრულად ვეღარ პასუხობს. ახალი ტერმინალის მშენებლობა გააუმჯობესებს მგზავრთა მომსახურების პირობებს და აეროპორტს გაზრდილი მგზავრთნაკადის ეფექტიანად მომსახურების შესაძლებლობას მისცემს.
საქართველოს მთავრობის ინიციატივით, მესტიის აეროპორტის განვითარების პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, სვანეთში საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის ზრდას და რეგიონში ტურისტული და საქმიანი ნაკადების განვითარებას.
ახალი ტერმინალის კონცეპტ-დიზაინი კომპანია Green Studio-მ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის არქიტექტურულ კონკურსში გაიმარჯვა. პროექტის მომზადებისას გათვალისწინებულია სვანეთის კლიმატური პირობები, ადგილობრივი არქიტექტურის თავისებურებები და არსებული ინფრასტრუქტურა.
რაც შეეხება თელავის აეროპორტის განვითარების პროექტს, ის კახეთში რეგულარული საჰაერო მიმოსვლის აღდგენას და საჰაერო ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება. პროექტი ხელს შეუწყობს ქვეყნის შიდა საჰაერო დაკავშირებადობის გაუმჯობესებას, რეგიონებს შორის გადაადგილების შესაძლებლობების გაფართოებას, ასევე კახეთში ტურისტული და საქმიანი ნაკადების ზრდას.
აეროპორტების გაერთიანების ცცნობით, ახალი ტერმინალის არქიტექტურული კონცეფცია „ხმალაძე არქიტექტორებმა“ შეიმუშავა, რომელმაც შესაბამის კონკურსში გაიმარჯვა. პროექტი თანამედროვე და ფუნქციური სამგზავრო ინფრასტრუქტურის შექმნას ითვალისწინებს. არქიტექტურულ გადაწყვეტაში კი გათვალისწინებულია კახეთის გარემო და რეგიონისთვის დამახასიათებელი თავისებურებები.
თელავის აეროპორტის განვითარება მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტის პარალელურად მიმდინარეობს. ორივე პროექტი საქართველოს რეგიონული აეროპორტების განვითარების ერთიანი ხედვის ნაწილია და მათი ქვეყნის ერთიან საავიაციო ქსელში ინტეგრირებას ემსახურება.
მესტიის აეროპორტში ტერმინალის მშენებლობაზე სატენდერო წინადადებების წარდგენა 25 სექტემბერს დაიწყება და 30 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 24 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
თელავის აეროპორტში ტერმინალის მშენებლობაზე სატენდერო წინადადებების წარდგენა 25-იდან 29 სექტემბრის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 21 თვის ვადაში უნდა დაასრულოს.
ყველა ახალი ამბავი
0