საქართველოს პირველმა პირებმა აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცეს

© Sputnik / Alex Shlamovაბიტურიენტები და მათი გულშემატკივრები
აბიტურიენტები და მათი გულშემატკივრები - Sputnik საქართველო, 1920, 25.08.2026
გამოწერა
აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ მიულოცეს
თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პირველმა პირებმა აბიტურიენტებს უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვა მიულოცეს.
დღეს ცნობილი გახდა, რომ 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლება 34.150-მა აბიტურიენტმა მოიპოვა. ერთიან ეროვნულ გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 45 ათასზე მეტი აბიტურიენტი. აქედან გამოცდებზე 94%-მდე გამოცხადდა. შესაბამისად, 10 ათასზე მეტმა აბიტურიენტმა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა.
აბიტურიენტებს გამოცდების წარმატებით ჩაბარება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მიულოცა.
„თქვენს ცხოვრებაში ახალი და მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება - ცოდნის გაღრმავების, პროფესიული განვითარების, საკუთარი პოტენციალის რეალიზებისა და ჰორიზონტზე ახალი შესაძლებლობების აღმოჩენის. განათლებული, თავისუფლად მოაზროვნე და პასუხისმგებლობიანი ახალგაზრდობა ძლიერი სახელმწიფოს საფუძველია. მჯერა, მიღებული ცოდნითა და გაწეული შრომით თითოეული თქვენგანი საკუთარ წვლილს შეიტანს ჩვენი ქვეყნის განვითარებასა და წარმატებაში“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ახალგაზრდული ენერგია და ხმა, მათი ახალი იდეები და ინიციატივები სწრაფად ცვალებად მსოფლიოში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
„გისურვებთ საინტერესო სტუდენტურ წლებს, დასახული მიზნების მიღწევასა და ნათელ მომავალს!“ - დაწერა მან.
ახალგაზრდებს სტუდენტობა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც მიულოცა და ნაყოფიერი, საინტერესო და დაუვიწყარი სტუდენტური წლები უსურვა.
„სტუდენტობას გილოცავთ ყველას, ვინც ერთიანი ეროვნული გამოცდები წარმატებით ჩააბარეთ! თქვენი დაუღალავი შრომა და მონდომება ღირსეულად დაფასდა. იწყება სრულიად ახალი, საინტერესო და დიდი შესაძლებლობებით სავსე ეტაპი. განათლებული, პატრიოტი და მოაზროვნე ახალგაზრდობა ქვეყნის მთავარი საყრდენია. სწორედ თქვენი ხმა, შემართება და ძალისხმევა განსაზღვრავს საქართველოს ხვალინდელ დღეს. მჯერა, თქვენს ცოდნასა და ენერგიას ჩვენი სამშობლოს წინსვლასა და გაძლიერებას მოახმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
მან ასევე მიულოცა და მადლობა გადაუხადა აბიტუირიენტების მშობლებს და პედაგოგებს, რომლებმაც უდიდესი ამაგი ჩადეს ამ წარმატებაში.
განათლების მინისტრის, გივი მიქანაძის მილოცვა სამინისტროს გვერდზე გამოქვეყნდა.
„სკოლის დამთავრება და პროფესიული განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანი მიღწევაა და ეს თქვენი შრომის, მონდომების, მიზანდასახულობისა და დიდი ძალისხმევის შედეგია. მადლობა მინდა, ვუთხრა თქვენს მშობლებს, მასწავლებლებსა და თითოეულ ადამიანს, ვინც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თქვენი მხარდამჭერი იყო და თქვენ გვერდით იდგა“, - განაცხადა მინისტრმა.
გივი მიქანაძემ ახალგაზრდებს საინტერესო სტუდენტური წლები, ახალი შესაძლებლობები, უამრავი წარმატება და გამარჯვება უსურვა.
34.150 ახალგაზრდიდან საბაკალავრო საფეხურზე ისწავლის 29.481 აბიტურიენტი. მათგან, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაირიცხა 17.862 აბიტურიენტი, ხოლო კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში 11.619 აბიტურიენტი.
პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 3.141-მა აბიტურიენტმა (1.322 - სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებელში, 1.819 - კერძო პროფესიულ სასწავლებელში).
უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში, წელს აბიტურიენტებს მიეცათ შესაძლებლობა, მათთვის სასურველი რაოდენობის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებთან ერთად პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებიც აერჩიათ.
ამასთანავე, სახელმწიფო უზრუნველყოფს იმ აბიტურიენტების სრულ დაფინანსებას, რომელთაც სწავლის უფლება მოიპოვეს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ყველა ახალი ამბავი
0