კონკრეტულად რას ედავებიან ირაკლი ღარიბაშვილს - დეტალები

© AP Photo / Andreea Alexandruირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
ღარიბაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ახალი ბრალდებები ეფუძნება თავდაცვის სამინისტროში კორუფციის საქმეზე მსჯავრდებული ჯუანშერ ბურჭულაძისა და ვასილ მხეიძის ჩვენებებს.
თბილისი, 24 აგვისტო - Sputnik. საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ქრთამის აღების ბრალდების წაყენებას საფუძვლად დაედო თავდაცვის სამინისტროში კორუფციის საქმის ფიგურანტის, ვასილ მხეიძის მიმართვა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.
ორშაბათს, 24 აგვისტოს, პროკურატურამ განაცხადა, რომ ფულის გათეთრებისთვის უკვე გასამართლებულ ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროში კორუფციის საქმეზე ქრთამის აღებას ედავება.
საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადების თანახმად, ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი ბრალდებები ეფუძნება საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მისი ნათესავის, ვასილ მხეიძის ჩვენებებს, რომლებიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებულ კორუფციულ საქმეში დამნაშავედ ცნეს.
პროკურატურის ცნობით, მხეიძემ გენერალურ პროკურატურას 2026 წლის 12 აგვისტოს მიმართა.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ღარიბაშვილმა დანაშაული 2021-2024 წლებში ჩაიდინა, პრემიერ-მინისტრობის დროს, როდესაც მინისტრების საქმიანობის კოორდინაციით იყო დაკავებული.
საქმის დეტალები
2022 წლის ბოლოდან, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმოეშვა სხვადასხვა ძვირადღირებული სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის საჭიროება, რაც უნდა განხორციელებულიყო საიდუმლო შესყიდვის გზით.
აღნიშნულ პროცედურებში მონაწილეობის მიზნითა და არამართლზომიერი ფინანსური სარგებლის მისაღებად, ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეთანხმებით, მისი ნათესავი - ვასილ მხეიძე დაუკავშირდა შესაბამისი გამოცდილების მქონე ნაცნობ ბიზნესმენს, რომელსაც შესთავაზა შესყიდვის იმგვარი ფორმით გამოცხადება, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფდა სასურველი ფასით ამ უკანასკნელთან დაკავშირებული კომპანიის გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მოითხოვა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულების 10%-ის ნაღდის ფულის სახით მისთვის გადაცემა.
ვასილ მხეიძესთან დაკავშირებულმა პირმა საწყის ეტაპზე თავი შეიკავა დანაშაულებრივი შეთანხმებისაგან და მოითხოვა მეტი გარანტიები უმაღლესი თანამდებობის მქონე პირებისგან.
იმჟამინდელი თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, როგორც ანგარიშვალდებული პირი შეუთანხმდა იმჟამინდელ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მასზედ, რომ თავდაცვის სამინისტროს საჭიროებებისათვის შესყიდვებს განახორციელებდა იმგვარი ფორმით, რაც უზრუნველყოფდა ზემოხსენებულ მეწარმესთან დაკავშირებული კომპანიების გარანტირებულად, სასურველი ფასით გამარჯვებას, სანაცვლოდ კი მიიღებდნენ სოლიდურ არამართლზომიერ ფინანსურ სარგებელს.
ღარიბაშვილისგან გარანტიების მიღების შემდეგ ბიზნესმენი დათანხმდა და „გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალისთვის“ სხვადასხვა სამედიცინო აპარატურისა და ინვენტარის შეძენის პროცესში შექმნეს არაკონკურენტული გარემო, რის შედეგადაც არარეალური გარიგებების დადების გზით ხელოვნურად გაიზარდა საიდუმლო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებებით შესაძენი საქონლისა და მომსახურების ღირებულება.
„შედეგად, 3 საიდუმლო შესყიდვის დროს, ზემოხსენებულ პირებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 11.499.705 ლარის რეალური ღირებულების მქონე სამედიცინო აპარატურა და სხვა ინვენტარი მიაწოდეს 18.484.960 ლარად“, - ნათქვამია განცხადებაში.
პარალელურად ზემოხსენებული შესყიდვებისა, შესაბამისი გარანტიებისა და მფარველობის სანაცვლოდ, შესყიდვებში მონაწილე ბიზნესმენმა რამდენიმე ეტაპად ვასილ მხეიძეს ნაღდი ფულის სახით გადასცა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებების დაახლოებით 10% - 1 900 000 ლარი, საიდანაც ამ უკანასკნელმა პირადი სარგებლის სახით დაიტოვა 400.000 ლარი, ხოლო დარჩენილი თანხა სრულად გადასცა ჯუანშერ ბურჭულაძეს.
ამ უკანასკნელმა ქრთამის სახით მიღებული 1.500.000 ლარიდან, 750.000 ლარი დაიტოვა თავად, ხოლო თანხის მეორე ნახევარი - 750.000 ლარი რამდენიმე ეტაპად ასევე ქრთამის სახით ხელზე გადასცა ირაკლი ღარიბაშვილს.

„ზემოხსენებული ქმედების შედეგად, სახელმწიფოს მიადგა დიდი ოდენობით - 6.985.255 ლარის ქონებრივი ზიანი და არსებითად დაირღვა საჯარო ინტერესი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გამოძიების შემდგომი ქმედებები
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ღარიბაშვილს სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
რაც შეეხება საქმეში ფიგურანტ სხვა მოხელეებს, ისინი ზემოხსენებულ ფაქტებთან დაკავშირებით უკვე მსჯავრდებულები არიან სასამართლოს მიერ და განსაზღვრული აქვთ შესაბამისი სასჯელი, მათ შორის ჯუანშერ ბურჭულაძეს მისჯილი აქვს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს პროკურატურა ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდების საქმეზე სასამართლოს მიმართავს მხოლოდ წინასასამართლო სხდომის განსაზღვრის თაობაზე შუამდგომლობით, რადგან ეს უკანასკნელი სასჯელს უკვე იხდის სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე
ყველა ახალი ამბავი
0