აჭარაში ამერიკულ თეთრ პეპელას ებრძვიან

© photo: Sputnik / Levan Avlabreliპეპელა ყვავილზე
პეპელა ყვავილზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2026
გამოწერა
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს სისტემატურად ახორციელებს.
თბილისი, 24 აგვისტო — Sputnik. სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინდოემაციაში.
ამერიკული თეთრი პეპელა მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაშია გავრცელებული. იგი საქართველოში პირველად 1976 წელს, იმერეთში დაფიქსირდა. მავნებელი აზიანებს 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს და სოფლის მეურნეობისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია.
"საკურორტო ზონაში მავნებლის საწინააღმდეგოდ გამოყენებული იყო ბიოლოგიური ინსექტიციდი (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis). ღონისძიებები ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით განხორციელდა", -აღნიშულია ინფორმაციაში.
სურსათის ეროვნული სააგენტო, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამერიკული თეთრი პეპლის (Hyphantria cunea) საწინააღმდეგოდ კომპლექსურ ღონისძიებებს (მონიტორინგი, მცენარეული საფარის დამუშავება) სისტემატურად ახორციელებს. მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში შეინიშნება. მიმდინარე წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე დამუშავებულია 3900 ჰექტარი ფართობი.
"სააგენტოს მიერ გატარებული მასშტაბური ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხვდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ მავნებლის ლოკალიზაციისა და ეფექტიანი ლიკვიდაციისთვის, აუცილებელია ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობა. სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები: აგროტექნიკური წესების დაცვით, მექანიკური გზით მოჭრან მავნებლით დაზიანებული ტოტები. მავნებლის შემდგომი გავრცელების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ დაწვან მოჭრილი მასა.
ყველა ახალი ამბავი
0