რამდენი ელექტროენერგია მოიხმარეს საქართველოში - ახალი მონაცემები

© photo: Sputnikელექტროგადამცემი ხაზები
ელექტროგადამცემი ხაზები - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2026
გამოწერა
შვიდ თვეში იმპორტის 63,8% რუსეთზე მოდის - მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 748,2 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია
თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. საქართველოში 2026 წლის იანვარ-ივლისში ელექტროენერგიის მოხმარება 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3,3%-ით გაიზარდა და 8,8 მილიარდი კვტ/სთ შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ESCO) განცხადებაში.
მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველოში გამომუშავებულია 7,8 მილიარდი კვტ/სთ ელექტროენერგია - 1,8%-ით ნაკლები 2025 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
„საქართველოში გამომუშავებული ელექტროენერგიის უმეტესი წილი ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის - 6,6 მლრდ კვტ/სთ. თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებულია დაახლოებით 1,2 მლრდ კვტ/სთ, ქარის სადგურებმა 68,3 მლნ კვტ/სთ, ხოლო მზის ელექტროსადგურებმა - 10,1 მლნ კვტ/სთ გამოიმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.
ოპერატორის ცნობით, ექსპორტი შემცირდა 52,4%-ით 2025 წლის პირველ 7 თვესთან შედარებით და 235,8 მლნ კვტ/სთ-ზე მეტი შეადგინა. ამ პერიოდში საქართველომ ელექტროენერგიის ექსპორტი აზერბაიჯანსა და თურქეთში მოახდინა.
გარდა ამისა, 2026 წელის იანვარ-ივლისში საქართველომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16,9%-ით მეტი – 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგიის იმპორტი განახორციელა.
ამ პერიოდში იმპორტის 63,8% რუსეთზე მოდის. მეზობელი ქვეყნიდან შემოვიდა 748,2 მლნ კვტ/სთ, 17,3% თურქეთზე მოდის (203,2 მლნ), 13,4% - აზერბაიჯანიდან, საიდანაც შემოვიდა 157,1 მლნ კვტ/სთ, ხოლო 5,4% სომხეთიდან - 63,60 მლნ კვტ/სთ.
საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად იზრდება. სპეციალისტების პროგნოზით, 2030 წლისთვის ქვეყანა სერიოზული ენერგოდეფიციტის წინაშე აღმოჩნდება, რამდენადაც იმ დროისათვის ელექტროენერგიის მოხმარება თითქმის 73%-ით გაიზრდება და 22 მლრდ კვტ/სთ-ს მიაღწევს.
მეზობელ ქვეყნებზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს გამოიყენოს ადგილობრივი განახლებადი რესურსები.
ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარებამ 14,9 მლრდ კვტ/სთ შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით 3,3%-ით მეტი იყო. გამომუშავებულია 13,8 მლრდ კვტ/სთ - 2024 წელთან შედარებით 2,8%-ით ნაკლები.
ყველა ახალი ამბავი
0