სამთავრობო ქალაქი თბილისში: შეიქმნა სპეციალური კომისია

© photo: Sputnik / Stringerსაქართელოს მთავრობის ადდმინისტრაცია
საქართელოს მთავრობის ადდმინისტრაცია - Sputnik საქართველო, 1920, 19.08.2026
გამოწერა
საქართველოს მთავრობის თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადატანის პროექტს - თითქმის 283.000 კვ მ ფართობის ახალი შენობები, პარლამენტით დაწყებული მერიით დასრულებული - გააკონტროლებს კომისია, რომელიც გადაწყვეტს, თუ რა და რა თანმიმდევრობით უნდა აშენდეს.
თბილისი, 19 აგვისტო - Sputnik. მთავრობამ შექმნა უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომელიც თბილისში „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის პროექტს განახორციელებს.
ხელისუფლების გეგმების შესახებ, რომელიც სამთავრობო შენობების - პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციის, თბილისის მერიისა და რამდენიმე სამინისტროს - თბილისის წყალსაცავის მახლობლად, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ გადატანას გულისხმობს, დეკემბერში გახდა ცნობილი. გენგეგმის და საესკიზო პროექტის მომზადების ტენდერი მარტში პირობების გადახედვის აუცილებლობის გამო შეჩერდა.
კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის თავმჯდომარე და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საგარეო საქმეთა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ეკონომიკის, კულტურის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრები.
კომისიის წევრები იქნებიან ასევე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი, თბილისის მერი, მთავრობის ადმინისტრაციის მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის უფროსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი. ფონდის წარმომადგენელი კომისიის მდივნის ფუნქციას შეასრულებს.
კომისიის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია „სამთავრობო ქალაქის“ მშენებლობის ფარგლებში პროექტების პრიორიტეტებისა და მშენებლობის რიგითობის განსაზღვრა იქნება. ასევე, კომისიამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები პროექტების შერჩევისა და საპროექტო გადაწყვეტების, მათ შორის დიზაინის, შეთანხმების შესახებ.
საჭიროების შემთხვევაში, მას შეეძლება პროექტების განხორციელებისას წარმოშობილი საკითხების გადაწყვეტა და სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებში ცვლილებების შეტანაზე რეკომენდაციების გაცემა.
კომისიას უფლება ექნება ადმინისტრაციული ორგანოებიდან გამოითხოვოს პროექტებთან დაკავშირებული ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მოამზადოს დასკვნები და რეკომენდაციები, სხდომებზე მოიწვიოს სამინისტროების, უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე შექმნას ცალკეული საკითხების შესასწავლად სამუშაო ჯგუფები.
რა იქნება სამთავრობო ქალაქში
მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282.750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს.
მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10 ათასი კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ზემოთაღნიშნულ ტერიტორიაზე დაგეგმილია შემდეგი შენობების განთავსება:
პარლამენტის შენობა, ფართით არანაკლებ 31.350 კვადრატული მეტრი;
მთავრობის ადმინისტრაციის შენობა, ფართით არანაკლებ 7.000 კვადრატული მეტრი;
ღონისძიებების დარბაზი, ფართით არანაკლებ 10.000 კვადრატული მეტრი;
საგარეო საქმეთა სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,500 კვადრატული მეტრი;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 20,700 კვადრატული მეტრი;
რეგიონული განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,200 კვადრატული მეტრი;
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ კვადრატული მეტრი;
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 7,600 კვადრატული მეტრი;
კულტურის სამინისტრო, ფართით არანაკლებ 3,600 კვადრატული მეტრი;
თბილისის მერია, ფართით არანაკლებ 59,900 კვადრატული მეტრი;
საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, ფართით არანაკლებ 7.000 კვადრატული მეტრი;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, ფართით არანაკლებ 1800 კვადრატული მეტრი.
ყველა ახალი ამბავი
0