საქართველოდან უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს

© Courtesy of Ministry of Internal Affairსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შენობა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 18.08.2026
გამოწერა
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად საქართველოდან უცხო ქვეყნის 67 მოქალაქე გააძევეს, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.
კერძოდ, ქვეყნიდან გაძევებულია თურქეთის, ინდოეთის, ეგვიპტის, რუსეთის, აზერბაიჯანის, კუბის, სომხეთის, პაკისტანის, უზბეკეთის, ბელარუსის, თურქმენეთის, ლიბანის, მოლდოვას, ნეპალის, ნიგერიის, შრი-ლამნკის, ჩინეთისა და სხვა სახელმწიფოების – ჯამში 67 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვა დაუწესდათ.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების გაძევების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი, ისე სასამართლო - დეპორტაცია შეეხება უცხოელებს, რომლებმაც დაარღვიეს ქვეყანაში ყოფნის პირობები, ასევე იმ პირებს, რომლებმაც მოიხადეს სასჯელი საქართველოში და ასევე მათ, ვინც ჩაიდინა არაერთი დანაშაული და ადმინისტრაციული სამართალდარღვევა.
საქართველოდან გაძევებულ უცხოელს ეკრძალება საქართველოში შემოსვლა 2-დან 5 წლამდე ვადით - აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება მათზე, ვინც ქვეყანა ნებაყოფლობით დატოვა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ გაამკაცრა ზომები ქვეყანაში არალეგალურად მცხოვრები უცხოელების გამოსავლენად. პოლიცია უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოწმებას ახორციელებს როგორც ქუჩაში, ისე სხვადასხვა დაწესებულებებში.
გარდა ამისა, გამკაცრდა ქვეყანაში უცხოელთა ლეგალიზაციის პირობები. საქართველოში მუშაობისთვის უცხოელებმა უნდა მიიღონ მუშაობის ნებართვა, რაც ბინადრობის ნებართვის მიღების უფლებას იძლევა. ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში, უცხოელი საქართველოში მუშაობას ვერ შეძლებს - უარის თქმის მიზეზი შეიძლება გახდეს ისეთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევები, როგორიცაა ნარკოტიკების მოხმარება, ცივი იარაღის ტარება ან ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა.
ყველა ახალი ამბავი
0