რამდენად ეფექტურად ხორციელდება ნარკოტიკებზე შემოწმება საქართველოში? ახალი სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.08.2026
გამოწერა
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს.
თბილისი, 16 აგვისტო— Sputnik. 2026 წლის პირველ ნახევარში სამართალდამცველების მიერ შემოწმებული მოქალაქეების 77,3%-ს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების ფაქტი დაუდასტურდა, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის პერიოდში პოლიციამ ნარკოტიკების მოხმარებაზე 9.808 პირი შეამოწმა - ექსპერტიზის თანახმად 7.577 პირს დადებითი შედეგი დაუდასტურდა.
ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში შემოწმდა - 3.167 შემოწმებული პირიდან 2.721 ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. მეორე ადგილზეა შიდა ქართლის რეგიონი, სადაც 1.026 ადამიანიდან ნარკოტიკების მოხმარება 765-ს დაუდასტურდა. მესამე ადგილზეა იმერეთი - ნარკოტიკული თრობა 1.201 პირიდან 817-ს დაუფიქსირდა.
საქართველოში ნებისმიერი ნარკოტიკის მოხმარება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. თუმცა, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ნებადართულია, მაგრამ არა საზოგადოებრივ ადგილებში და არასრულწლოვნების თანდასწრებით.
სამართალდამცველებს ნარკოტიკების მოხმარების ფაქტის დადგენის უფლება 2025 წლის 1-ელი ივნისიდან მიეცათ. ნარკოლოგიურ შემოწმებაზე უარი ითვალისწინებს ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, ნარკოტიკების, მათი ანალოგებისა და პრეკურსორების მოხმარება, ასევე მათი შეძენა, შენახვა, წარმოება და გადაზიდვა ითვალისწინება ჯარიმას 500-დან 2 ათას ლარამდე ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით.
როგორ ხდება ნარკოტიკზე შემოწმება
შემოწმება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ფაქტი ან ინფორმაცია, რომელიც იძლევა ეჭვის საფუძველს, რომ პირი ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.
შემოწმების მიზნით ადამიანების ნარკოლოგიურში იძულებით გადაყვანა არ მოხდება. ამ შემთხვევაში მოქალაქეს პოლიციელი შესთავაზებს ლაბორატორიული გამოკვლევის ჩასატარებლად სასამართლო ექსპერტიზის ცენტრში წასვლას.
მოქალაქეს უფლება ექნება უარი თქვას პოლიციელთან ერთად წასვლაზე, მაგრამ შემდეგ იგი ვალდებული იქნება, უარის თქმიდან ოთხი საათის განმავლობაში გაიაროს შემოწმება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის დეპარტამენტში ან სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლება აქვს მოითხოვოს ინფორმაცია დასრულებული შემოწმებისა და მისი შედეგების შესახებ.
თუ პირი ნებაყოფლობით ჩაიტარებს შემოწმებას და დადგინდა ნარკოტიკების მოხმარების ფაქტი, მას უფლება ექნება საკონტროლო ნიმუში 10 დღის ვადაში წარუდგინოს შესაბამისი აკრედიტაციის მქონე ალტერნატიულ ლაბორატორიას. ლაბორატორიების ნუსხას, სადაც მონაცემების შემოწმება იქნება შესაძლებელი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაადგენს.
ყველა ახალი ამბავი
0