ინფრასტრუქტურის ხარისხი მთავრობის პრიორიტეტია: სოხაძე ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობაზე

© Ministry of Infrastructure of Georgiaქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.08.2026
გამოწერა
მინისტრის თქმით, სამინისტროსა და გზების დეპარტამენტს კონტრაქტორთან შენიშვნები აქვთ როგორც ვადების, ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში, ხარისხის თვალსაზრისით.
თბილისი, 15 აგვისტო - Sputnik. ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხის კონტროლი საქართველოს მთავრობის მთავარი პრიორიტეტია და შეუსაბამობების ანგარიშები (NCR) სტანდარტული პროცესის ნაწილია, რომელიც მიზნად ისახავს ხარვეზების იდენტიფიცირებას და დროულად გამოსწორებას, განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ.
სოხაძემ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც საქართველო-რუსეთის საზღვრამდე მიმავალ ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის პროექტს ეხებოდა და განმარტა, რომ მედიაში განხილული შეუსაბამობის ანგარიში (NCR) წარმოადგენს სამუშაო დოკუმენტს, რომელიც გამოიყენება მშენებლობის ზედამხედველობის პროცესში და რომლითაც ინსპექტორი ადგენს კონკრეტულ შეუსაბამობებს და განსაზღვრავს ქმედების საჭიროებას. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია კრიტიკულ დარღვევებზე. კერძოდ, აღინიშნა ტექნიკური რესურსების მწვავე დეფიციტი, არმატურის უზარმაზარი ნაკლებობა და ტექნოლოგიური ციკლის დარღვევა.
„ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კონტროლი კიდევ უფრო გაძლიერდება... ჩვენ ამ თემაზე საუბარი დიდი ხნის წინ დავიწყეთ და ყოველდღიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ქვეყანაში აშენებული ინფრასტრუქტურა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო“, – განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ ხარისხის საკითხით საზოგადოებაც და მედიაც აქტიურად ინტერესდება. მისი განცხადებით, მთავრობა ამ პროცესში ღია არის თანამშრომლობისთვის, ინფორმაციის მიწოდებისა და ყველა კითხვაზე პასუხის გასაცემად.
მინისტრის განცხადებით, ხარისხის კონტროლის მიმართულებით სამინისტრო ერთნაირი პრინციპით მოქმედებს ყველა პროექტზე, მათ შორის, საერთაშორისო კონტრაქტების შემთხვევაშიც.
სოხაძემ ასევე ისაუბრა ქვეშეთი-კობის პროექტის კონტრაქტორთან ურთიერთობაში არსებულ პრობლემებზე და აღნიშნა, რომ სამინისტროსა და საავტომობილო გზების დეპარტამენტს კონტრაქტორთან დაკავშირებით შენიშვნები აქვთ როგორც სამუშაოების დასრულების ვადებთან, ასევე ზოგიერთ შემთხვევაში ხარისხთან დაკავშირებით.
„ვერ ვიტყვით, რომ კონტრაქტორთან პრობლემები არ გვაქვს. გვქონდა გარკვეული შეფერხებები ვადებთან დაკავშირებით, ასევე გვქონდა და გვაქვს შენიშვნები ხარისხთან მიმართებით. ამ საკითხებზე კონტრაქტორთან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობს და ჩვენი ამოცანაა, ყველა არსებული პრობლემა სამუშაო პროცესში სათანადოდ მოგვარდეს. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტი 2028 წლის ბოლოსთვის დასრულდება“, – განაცხადა მინისტრმა.
მინისტრის ინფორმაციით, კონკრეტულად ამ სამშენებლო პროექტზე ზედამხედველის მიერ სულ 94 NCR-ია (ანგარიში შეუსაბამობის შესახებ) გამოცემული. მათგან 50 უკვე დახურულია შესაბამისი მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელების შემდეგ, დანარჩენებზე კი მუშაობა მიმდინარეობს.
„ერთ-ერთი ასეთი დოკუმენტი მოიპოვა ჟურნალისტმა, თუმცა საუბარი არ არის რაიმე გასაიდუმლოებულ ანგარიშზე. კონკრეტულად ამ მშენებლობაზე 94 ასეთი დოკუმენტია გამოცემული და ჩვენ მზად ვართ, დაინტერესებულ პირებს ინფორმაცია ყველა მათგანის შესახებ მივაწოდოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.
მინისტრის თქმით, ეს არის ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი - ზედამხედველი აფიქსირებს ხარვეზს, კონტრაქტორს ევალება მისი გამოსწორება და შემდგომ მოწმდება შესრულებული სამუშაო.
გარდა ამისა, სოხაძემ აღნიშნა, რომ ქვეშეთი-კობის პროექტის ფარგლებში შენდება საინჟინრო თვალსაზრისით გამორჩეული ნაგებობებიც. მათ შორისაა 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომლის მშენებლობაც ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს.
„ეს არის უნიკალური საინჟინრო ნაგებობა - 166 მეტრის სიმაღლის თაღოვანი ხიდი, რომლის ანალოგიც რეგიონში არ არსებობს. ასეთი მასშტაბისა და სირთულის პროექტის განხორციელებისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუდმივი კონტროლი და ყველა გამოვლენილ საკითხზე დროული რეაგირება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
ქვეშეთი-კობის მონაკვეთი ჩრდილოეთი-სამხრეთის ავტომაგისტრალის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაკვეთია. პროექტის თანახმად, შენდება განათების სისტემით უზრუნველყოფილი 23 კმ-იანი ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, რომელიც მოიცავს 5 ხიდისა და 5 გვირაბის მშენებლობას და 6 ხიდის მშენებლობა-რეაბილიტაციას. პროექტი ითვალისწინებს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობასაც. პროექტის ფარგლებში ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდება ერთ ხიდს.
ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი მთავარი გვირაბის და იგივე სიგრძის საევაკუაციო გვირაბის გაყვანა დასრულებულია.
ხიდებზე სამშენებლო სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ხუთი ხიდიდან ერთ-ერთი უკვე დასრულებულია. ის დაბალანსებული კონსოლური ტექნოლოგიით აშენდა, რომელიც საქართველოში პირველად გამოიყენეს.
გარდა ამისა, ამჟამად ასევე შენდება უნიკალური, 426 მეტრის სიგრძისა და 166 მ-ის სიმაღლის თაღოვანი ხიდი. პარალელურად მიმდინარეობს გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი ახალი გზის მშენებლობაც.
ახალი გზის საშუალებით მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ავტომაგისტრალი აღარ დაიკეტება, შედეგად გაიზრდება ტვირთბრუნვა, ხოლო ხადას ხეობის ათამდე სოფლის მოსახლეობას ზამთარში გარე სამყაროსთან კავშირი შეუნარჩუნდება.
საგზაო უსაფრთხოების ყველა საჭირო სტანდარტით უზრუნველყოფილი ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროს: ქვეშეთი-კობის მონაკვეთის გავლა 1 საათის ნაცვლად 15 წუთში გახდება შესაძლებელი; თბილისიდან გუდაურამდე მგზავრობას 2 საათის ნაცვლად 1 საათი და 30 წუთი დასჭირდება, თბილისიდან სტეფანწმინდამდე კი 2 საათისა და 30 წუთის ნაცვლად - 1 საათი და 45 წუთი.
ახალი გზის პროექტი 2019 წელს დამტკიცდა. 2021 წლის სექტემბერში ჩინურმა კომპანიამ China Railway 23rd Bureau Group Co მშენებლობა დაიწყო.
პროექტი საქართველო მთავრობის, აზიის განვითარების ბანკის(ADB) და გვირაბის მშენებლობის ნაწილში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 1,2 მლრდ ლარია.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი "ყაზბეგი"–"ზემო ლარსი" – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0