საჯარო სკოლებსა სასკოლო სახელმძღვანელოები 10 სექტემბრამდე მიეწოდებათ
გამოწერა
უფასო სახელმძღვანელოები გადაეცემათ საჯარო სკოლების მოსწავლეებს, მოწყვლად ჯგუფებსა და კერძო სკოლების განსაზღვრული კატეგორიის მოსწავლეებს.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საჯარო სკოლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების ეტაპობრივი მიწოდება არაუგვიანეს 10 სექტემბრისა დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას "საგანმანათლებლო რესურსები" ავრცელებს.
უწყების ცნობით, ბეჭდვისა და დისტრიბუციის პროცესი 32 დასახელების სასწავლო გამოცემასა და ჯამში 1.533.339 ეგზემპლარს მოიცავს. აქედან 1.340.044 ეგზემპლარი უშუალოდ საჯარო სკოლებს გადაეცემა.
მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების მიწოდებას უახლოეს დღეებში შპს "საგანმანათლებლო რესურსები" ეტაპობრივად განახორციელებს.
სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:
საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით;
კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;
ახალგორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს - სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით, სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;
გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს, ასევე გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. მათ ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II–XI კლასებისთვის გადაეცემათ;
კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს — მხოლოდ "დედაენის" სახელმძღვანელოები;
კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები არიან;
სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს – მოთხოვნის შესაბამისად.
