ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის 55 ნარკორეალიზატორია

© Ministry of Internal Affairs of Georgiaნარკომოვაჭრეთა დაკავება
ნარკომოვაჭრეთა დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
მიმდინარე წლის ექვს თვეში ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. სამართალდამცველებმა ბოლო დღეებში მთელი ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, რომელთა შორის 55 ნარკორეალიზატორია, განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ უწყებაში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული პირები ნარკოტიკული საშუალებების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ასევე მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცების სახით ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.
ასევე ნივთმტკიცებად ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და უკანონოდ შეძენილი ცეცხლსასროლი იარაღები.
გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე, 260-ე კვარტა, 260-ე ტერცია, 261-ე, 263-ე, 265-ე პრიმა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უწყების ცნობით, ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შემოტანისა და გავრცელების აღკვეთის მიზნით, პოლიცია უზრუნველყოფს სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო საზღვრების მაქსიმალურ დაცვასა და კონტროლს.
მიმდინარე წლის ექვსი თვის სტატისტიკური მონაცემებით, ნარკოდანაშაულის ბრალდებით პასუხისგებაში მიეცა 5 ათასამდე პირი, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 1000-მდე პირია.
ყველა ახალი ამბავი
0