გერმანიას საქართველოში ახალი ელჩი ჰყავს

გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი
გერმანიის ელჩი ბარბარა ფოსი - Sputnik საქართველო, 1920, 13.08.2026
გამოწერა
გერმანიის ყოფილ ელჩს, პეტერ ფიშერს უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ამოეწურა.
თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოში გერმანიის საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის ყოფილ ელჩს, პეტერ ფიშერს, რომელიც აღნიშნულ თანამდებობას 2022 წლის აგვისტოდან იკავებდა, უფლებამოსილების ვადა მიმდინარე წლის ივნისში ამოეწურა.
"არსებული დაძაბულობა ამძიმებს გერმანიისა და ევროკავშირის ურთიერთობას საქართველოსთან. მიუხედავად ამისა, გერმანიის აქტიური მხარდაჭერა ქვეყნის დემოკრატიული და პროევროპული კურსის მიმართ უცვლელად ძლიერი რჩება", – განაცხადა გერმანიის ახალმა ელჩმა.
საქართველოში ელჩად დანიშვნამდე ბარბარა ფოსი 2023 წლის აგვისტოდან მუშაობდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გენერალურ კონსულად ინდოეთში, კალკუტაში.
სხვადასხვა დროს ის მუშაობდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში მაღრიბის, ახლო და ცენტრალური აღმოსავლეთის ქვეყნებთან კულტურისა და მედიის დარგში თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ, იყო გერმანის კონსული ისრაელში, მუშაობდა გერმანიის საელჩოებში ნიგერიასა და ტანზანიაში, ასევე გაეროში გერმანიის მუდმივ წარმომადგენლობაში (ნიუ-იორკი), აგრეთვე ბონის საგარეო უწყების ცენტრალურ აპარატში.
საქართველო და გერმანია
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე, გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას "საქართველოს ევროპული მომავლისთვის". დოკუმენტში აღნიშნულია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღების პირობებში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში შემდგომი პროგრესი ვერ იქნება.
გერმანიის მმართველი პარტიების დეპუტატებმა ასევე მოითხოვეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება, რაც საქართველოს ევროინტეგრაციის შემდგომი პროგრესისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნიეს.
2024 წლის დეკემბრის დასაწყისში გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტრომ ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვის დაწყება გამოაცხადა და აღნიშნა, რომ ბერლინი არ განახორციელებდა ახალ პროექტებს და არ დადებდა სასესხო ხელშეკრულებებს საქართველოსთან.
გასული წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევისა და პროევროპული პროტესტის ჩახშობის საპასუხოდ გერმანიამ საქართველოსთან 237 მლნ ევროს ღირებულების პროექტები შეაჩერა.
2024 წლის 31 დეკემბერს კი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ საქართველოს ცხრა მოქალაქეს, რომლებიც "პასუხისმგებელი არიან საქართველოში მომიტინგეებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობაზე", ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
გარდა ამისა, 2025 წლის თებერვალში გერმანიის განათლებისა და კვლევის ფედერალურმა სამინისტრომ გერმანულ-ქართული სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარება შეაჩერა. 2025 წლის მარტში გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დამატებითი აკრძალვები დააწესა იმ ქართველი ოფიციალური პირების ქვეყანაში შესვლაზე, რომლებიც საპროტესტო აქციების "ჩახშობაზე არიან პასუხისმგებლები".
ყველა ახალი ამბავი
0