ნასვამი მძღოლი ავტომობილს ვეღარ დაქოქავს: მთავრობა Alcohol Interlocks-ის დანერგვას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerტრანსპორტი თბილისში
ტრანსპორტი თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2026
გამოწერა
Alcohol Interlock-ის სისტემა მძღოლს ავტომობილის ძრავის ამოქმედების საშუალებას არ აძლევს, თუ მისი ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა კანონმდებლობით დასაშვებ ზღვარს აღემატება.
თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. მძღოლებს, შესაძლოა, ავტომობილში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც მათ არაფხიზელ მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების შესაძლებლობას არ მისცემს.
აღნიშნული სიახლის დანერგვა გათვალისწინებულია 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
როგორც დოკუმენტში აღნიშნული, გაგრძელდება პრევენციული და სამართალდამრღვევზე ორიენტირებული ღონისძიებები, რაც უზრუნველყოფს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მძღოლების ეფექტურ გამოვლენას, შესაბამისი სამართლებრივი რეაგირების განხორციელებას და მძღოლთა ცნობიერების ამაღლებას.
„გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას“, – ნათქვამია დოკუმენტში.
გავრცელებული ინფორმაციით, ასევე იგეგმება აღნიშნული სიახლის გათვალისწინება იმ სტანდარტში, რომელიც საქართველოს ბაზარზე ავტომობილის განთავსებისთვის იქნება განსაზღვრული.
საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია არაფხიზელ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის პრევენციისთვის სხვა ღონისძიებებსაც ითვალისწინებს - ქვეყანაში ეტაპობრივად დაინერგება სპეციალური ტექნიკური საშუალებები, რომლებიც ნარკოტიკულ თრობას გამოავლენს.
საქართველოში ალკოჰოლური თრობა კვლავ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამომწვევ ფაქტორად რჩება - ქვეყანაში ავტოავარიების ყველაზე ხშირი მიზეზია სიჩქარის გადაჭარბება, ავტომობილის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვა, მოხვევისას არასწორი მანევრი, შემხვედრ ზოლზე გასვლა და ავტომობილებს შორის დისტანციის დაუცველობა. შსს-ის ოფიციალური მონაცემებით, 2026 წლის 1-ელი იანვრიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 1.267 ავარია მოხდა, რომელშიც 201 ადამიანი დაიღუპა და 1.925 დაშავდა.
მთავრობამ 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია და 2026-2027 წლების სამოქმედი გეგმა 5 აგვისტოს დაამტკიცა - სტრატეგია გზებზე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გეგმა 2030 წლისთვის საგზაო შემთხვევების შედეგად დაშავებულთა და დაღუპულთა რაოდენობის 25%-ით შემცირებას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0